სიახლეები

სასამართლომ შს სამინისტრო დაავალდებულა „ბათუმელებს“ საჯარო ინფორმაცია მისცეს

04.03.2015
სასამართლომ  შს სამინისტრო დაავალდებულა „ბათუმელებს“ საჯარო ინფორმაცია მისცეს

 

შს სამინისტროში თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების ოდენობას, მიმღების სახელის, გვარისა და თანამდებობის მითითებით, რედაქციის ჟურნალისტი 2013 წლის 25 ნოემბრიდან ითხოვდა, თუმცა სამინისტრო არ გასცემდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე სასამართლომ დაავალდებულა გადაიხადოს 50 ლარი მოსარჩელის ანუ გაზეთ „ბათუმელების“ სასარგებლოდ. ეს თანხა ბაჟის ნაწილია, რომელიც მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელის შეტანის დროს გადაიხადა. ასეთი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა მიიღო. გაზეთ „ბათუმელების“ ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, საქართველოს კონსტიტუცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი“ – ეს იმ კანონების ჩამონათვალია, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა გადაწყვეტილების მიღებისას.

 

რედაქციას ასევე აინტერესებდა ინფორმაცია სამინისტროს ბალანსზე რიცხული სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მაღალი თანამდებობის პირთა სარგებლობაში არსებული ავტომანქანების შეკეთებისთვის რა თანხა დაიხარჯა. სამინისტროს განმარტებით, უწყება მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს დოკუმენტაცია სარემონტო სამუშაოების შესახებ, ვინაიდან სამინისტროს ბალანსზე არსებული მანქანები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებში და სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შემთხვევაში, შესაბამისად ამ ინფორმაციის გაცემაზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. სამინისტროს ეს პოზიცია სასამართლომ გაიზიარა.


გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.