სიახლეები

საიას იურისტი: ბათუმის ციხეში პატიმრები არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ

25.02.2015 • 1584
საიას იურისტი: ბათუმის ციხეში პატიმრები არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ

 

ჯაბა ზერეკიძე

 

ბატონო ჯაბა, რამდენჯერ იყავით ბათუმის მესამე დაწესებულებაში და ძირითადად რა პრეტენზიები აქვთ პატიმრებს?

სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განვახორციელე სამი ვიზიტი, მოვინახულე ათამდე პატიმარი. პატიმრები ძირითადად უკმაყოფილონი იყვნენ დაწესებულების სამედიცინო მომსახურებით. მათი თქმით, არ უტარდებოდათ სათანადო სამედიცინო გამოკვლევები, არ იყო ხელმისაწვდომი მედიკამენტები, ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ესაჭიროებოდა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, რაც არ მიეწოდებოდათ საკმარისი დოზით.


გარკვეული მათგანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ განათავსეს ბათუმის N3 დაწესებულებაში, ხოლო მათი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ საქართველოში. მძიმე სოციალურ‐ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე მათი ოჯახის წევრები ვერ ახერხებენ პატიმრების მონახულებას, ასევე რამდენიმე მათგანის საქმის განხილვა მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში და საქმის არსებით განხილვაზე დასწრებისთვის პატიმრებს უხდებოდათ ბათუმიდან თბილისამდე გადაადგილება, რაც დისკომფორტს უქმნიდათ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.


გარდა ამისა, პატიმრები უკმაყოფილონი იყვნენ საკნებში არსებული პირობებით. მათი თქმით, საკნებში არსებული სავენტილაციო სისტემა იყო გაუმართავი, წყალი მიეწოდებოდათ გრაფიკით, ზოგიერთს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროებოდა სპეციფიკური კვება, რასაც დაწესებულების ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფდა. რამდენიმე პატიმრის თქმით, აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით მათ საჩივრით მიმართეს ციხის ადმინისტრაციას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, რამაც ციხის ადმინისტრაციის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია და ადგილი ჰქონგა გარკვეული ხასიათის ზეწოლასაც.


იმ პატიმრებს, რომლებსაც თქვენ შეხვდით, აღენიშნებოდათ თუ არა სხეულზე დაზიანებები?

 

ზოგიერთ პატიმარს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა მათივე განცხადებით თვითონ მიიყენეს თვითდაზიანებები, რითაც გამოხატეს პროტესტი დაწესებულების დირექტორის მიმართ, ვინაიდან მათ მიერ საჩივრებსა თუ განცხადებეებში დასმულ საკითხებზე არანაირი რეაგირება არ განხორციელდა. პატიმრების გარკვეული რაოდენობა ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მათი პირობები გაუმჯობესდა და დაწესებულეების დირექტორთან და ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ, თუმცა დაწესებულებაში არსებული სამედიცინო მომსახურების მიმართ გამოთქვამენ უკმაყოფილებას.


როცა პატიმრები არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ, მიმართეს თუ არა საგამოძიებო უწყებებს ამის გამო, ან ხომ არ აპირებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მათი უფლებების დაცვას? 

 N3 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელთა მხრიდან პატიმრების მიმართ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, პატიმრების თქმით, გამოძიება ჭიანურდება და დაწესებულების ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომლის მიმართ ამ დრომდე რაიმე სახის თუნდაც დისციპლინური ღონისძიება არ გამოუყენებიათ. საია უახლოეს მომავალში სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განთავსებულ რამდენიმე პატიმარს გაუწევს სამართლებრივ დახმარებას და მიმართავს შესაბამის უწყებებს.


 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი