Batumelebi | ბაციკაძე უმაღლეს საბჭოს უმრავლესობაში ნაცმოძრაობის მოსვლის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს აანონსებს ბაციკაძე უმაღლეს საბჭოს უმრავლესობაში ნაცმოძრაობის მოსვლის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს აანონსებს – Batumelebi
RU | GE  

ბაციკაძე უმაღლეს საბჭოს უმრავლესობაში ნაცმოძრაობის მოსვლის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს აანონსებს

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ მოგვევლინოს მმართველ ძალად. პროცედურები უკვე დაწყებულია – „ნაციონალური მოძრაობა“, ჯერჯერობით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და ერთ-ერთი კომისიის ხელმძღვანელის გადაყენების პროცედურას იწყებს. ამისთვის საჭირო 11 ხმა ამ პარტიას, სავარაუდოდ, უკვე აქვს. უმაღლეს საბჭოში ნაცმოძრაობის  8-კაციან დეპუტაციას „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების გადაყენებაში მხარს უჭერს დეპუტატი მედეა ვასაძე. არაოფიციალური ინფორმაციით, პროცესს მხარს დაუჭერს „ოცნების“ კიდევ ორი დეპუტატი. თუ ეს ცვლილება შესაძლებელი გახდა, თანამდებობებს უმაღლეს საბჭოში ან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაიკავებენ ან რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. დავით ბაციკაძე – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რიგგარეშე არჩევნებს ემხრობა. „ბათუმელები“ დავით ბაციკაძეს ესაუბრა.


ბატონო დავით, რა პროცედურა არის საჭირო თქვენ გადასაყენებლად?

პროცედურა არის მარტივი – ბიუროზე გავა ჩემი და ჩიტიშვილის საკითხი, რის შემდეგაც სესიაზე ფარულად უყრიან კენჭს ამ საკითხს – 11 ხმა არის საჭირო, რომ მე გადამაყენონ.

დავით ბაციკაძე
დავით ბაციკაძე

ვის კანდიდატურას განიხილავენ თქვენ ნაცვლად?

თუ მოაგროვეს 11 ხმა, მაშინ ჩემსა და ბატონი ალექსანდრეს ადგილზე ნაციონალური მოძრაობის წევრი უნდა აირჩიონ. თავისუფალი  დემოკრატები არ მონაწილეობენ, არ მონაწილეობს „ქართული ოცნებაც“, ჯერჯერობით, 9 ადამიანი ჰყავთ. 2 სავარაუდო თუკი ნახეს, ამბობენ, რომ ისინიც ჰყავთ ჩვენთან უმრავლესობაში, რაც მეეჭვება, 11 ხმა ექნებათ – ეს კი იქნება ცვლილება იმისა, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს აჭარის მოსახლეობამ გადაწყვიტა.


ჯემალ ფუტკარაძე და სვეტლანა კუდბა თითქოს უჭერენ მხარს თქვენ გადაყენებას. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

ჯემალ ფუტკარაძე წვალობს და ჯერჯერობით, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრია. ვნახოთ რა იქნება. მედეა აცხადებს ღიად, რომ დაუჭერს მხარს ჩემსა და ალეკოს [ჩიტიშვილი] გადაყენებას.


უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხიც დგას დღის წესრიგში?

ჯერ არ დაუყენებიათ. ჯერჯერობით, მოსინჯეს ჩემით და ალეკო ჩიტიშვილით. მურმან დუმბაძე და ლავან ვარშალომიძე ცდილობენ შეცვალონ 2012 წლის არჩევნების შედეგები აჭარაში მაქინაციებით და რეგიონის მმართველობა  ჩაიგდონ ხელში. მინდა გითხრათ, რომ ეს არ გამოუვათ. როგორც კი კოალიციის ერთ წევრს გადააყენებენ, ყველას გადაყენების შესაძლებლობა ჩნდება. ამას მოჰყვება ვადამდელი არჩევნები. ეგენი რასაც აპირებენ, ეგ არ არის ამ რეგიონის მოსახლეობის გადაწყვეტილება. სულ 6 თვის წინ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, უთხრა საქართველოს მოსახლეობამ ნაციონალურ მოძრაობას, რომ ისინი არ უნდათ. ესენი ცდილობენ ძალით შეცვალონ რელობა. არ გამოუვათ.


ამ საკითხზე კონსულტციები თუ გაქვთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან?

კონსულტაციები გვაქვს, ხვალ თბილისშიც მივდივარ, ვნახავ პარტიის ლიდერს, კოალიციის ლიდერებსაც და ამ საკითხზეც ვიმსჯელებთ.


პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თუ გქონდათ კონსულტაცია?

არსებული მდგომარეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ეხება. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონტაქტი მას შემდეგ გახდება საჭირო, თუკი ახალი მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარმოდგენა დადგება დღის წესრიგში.


როგორც ვიცი, არჩილ ხაბაძის გადაყენებაც იგეგმება…

თუკი მთავრობის თავმჯდომარე გადააყენეს, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, წარმოუდგენს უმაღლეს საბჭოს ახალ კანდიდატურას.


რამდენი ხმა სჭირდება მთავრობის თავმჯდომარის გადაყენებას?

14 ხმა. მაგრამ უმაღლეს საბჭოში რეალობის შესაცვლელად არის სხვა მექანიზმები. და თუ ეს მოხდება, ხელახალი არჩევნები დაინიშნება. ეს არის პოლიტიკური კრიზისი და შედეგების ხელოვნურად შეცვლის მცდელობა. ამას რიგგარეშე არჩევნები მოყვება.


პირადად ემხრობით რიგგარეშე არჩევნებს?

მე, როგორც პოლიტიკოსი და მოქალაქე ვამბობ, რომ ის გადაწყვეტილება, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოსახლეობამ მიიღო და მას შემდეგაც ორ არჩევნებზე დაადასტურა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ხელისუფელაბაში ქალაქში თუ რეგიონში, ამის შეცვლას ტექნიკური მეთოდებით ცდილობს ორი პიროვნება – ლევან ვარშალომიძე და მურმან დუმბაძე. მაგრამ ეს არ იქნება აჭარის მოსახლეობის არჩევანი.


განცხადება, რომელიც გაავრცელეთ მურმან დუმბაძისა და ლევან ვარშალომიძის შეხვედრაზე, რის საფუძველზე გააკეთეთ, რაიმე მტკიცებულება გაქვთ?

მე ვამბობ, რომ ეჭვი მქონდა. მე ვიცი ფაქტი იმის, რომ 5-ში ჩამოფრინდა ტრაპიზონში მურმან დუმბაძე და მეორე დღეს ბათუმში გააკეთა განმარტება, რომ ის რეალობას ცვლის რეგიონში – აჭარის უმაღლეს საბჭოს,  ყველა თანამდებობის პირსა და მთავრობის თავმჯდომარეს გადააყენებს. წინადღით გავიდა მედეა [ვასაძე]ოპოზიციაში. 7-ში ლევან ვარშალომიძემ ნაციონალური მოძრაობა დაიბარა ტრაპიზონთან ახლოს, იქედან დაბრუნების შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დააყენეს ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენების საკითხი. ყველა ეს ქმედება ემთხვევა ერთმანეთს. ეგ კი არა, 24 თეზისი, რომელიც მედეა ვასაძემ გამოაქვეყნა, ფრაზეოლოგიითა და სიტყვის წყობითაც კი ემთხვევა იმ განცხადებებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებს.

მე მაქვს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ლევან ვარშალომიძე და მურმან დუმბაძე ერთმანეთს შეხვდნენ. მე ვიცი, რომ ვარშალომიძეს სხვა პარტიებთანაც ჰქონდა შეხვედრის სურვილი, მაგრამ არ გამოვიდა და ეს ვიცი ჭორის დონეზე.


ვისთან ჰქონდა შეხვედრის სურვილი?

ეს ჭორად ვიცი და არ ვიტყვი.


ყველას გვახსოვს განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოსდა ირაკლი ალასანია შეხვდა „ნაცინალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ევროპაში მინისტრად მუშაობის დროს. ეს საკითხი განიხილეს კიდეც ყოფილ პრემიერთან, მაგრამ ამის მიუხედავად ირაკლი ალასანია მაშინ არ გადაუყენებიათ. ხომ შეიძლება მურმან დუმბაძისა და ლევან ვარშალომიძის თურქეთში ერთდროულად ყოფნა უბრალო დამთხვევა იყოს?

„თავისუფალი დემოკრატები“ ამ შემთხვევაში აფიქსირებენ იმას, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ნაციონალების მიერ დაკვეთილ კენჭისყრაში. მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე კი ამბობენ, რომ აუცილებლად ითანამშრომლებენ ნაცმოძრაობასთან და აქვე ტყუილს ამბობს, რომ ნაციონალებს თანამდებობებზე არ დანიშნავენ. ეს არ გამოვა, რადგან ჩვენ თუ გადაგვაყენებენ, თავისუფალი თანამდებობები მხოლოდ ნაციონალების ხალხს შეხვდება.

ის ჭორები, რაც ვრცელდებოდა ჩვენი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში და მე მართლა არ მჯეროდა, რომ მურმან დუმბაძე შეკრულია ნაციონალურ მოძრაობასთან, ახლა უკვე დასტურდება. ნაციონალების დროს  ყველას ბიზნესი განადგურებული იყო და ამ კაცის ბიზნესი ვითარდებოდა რატომღაც… მაგ კაცის გამო არ დავდიოდი მე წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათთან ერთად ბათუმში და მაგიტომ წავედი ადიგენში. შეცდომა ის იყო, რომ მურმან დუმბაძე არ უნდა ყოფილიყო ჩვენი ლიდერი აჭარაში.


მაგრამ ჩვენ ყველას გვახსოვს მურმან დუმბაძის წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადება – ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოხაზავდა, მარჯვენა ხელზე კიბო დაემართებოდა…

მარჯვენა ხელის კიბოს ამბავი – ეს იყო თამაში, აბა ხომ არ იტყოდა, რომ შეკრული ვარ ვარშალომიძესთანო. გვაჩვენებდა თავს, რომ ვითომ ჩვენთან იყო. სამწუხაროდ, შეცდომა იყო მურმან დუმბაძის მიღება „ქართულ ოცნებაში“ და ძალიან მალე გამოააშკარავა თავი. უნდოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამხდარიყო და როცა არ გამოუვიდა, გაბრაზდა. კიდევ კარგი, ბიძინა ივანიშვილმა დაინახა, რომ ეს კაცი ასლან აბაშიძის მეთოდებით დაიწყებდა მართვას.


მურმან დუმბაძის მომხრეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ თქვენ მას შემდეგ დაიწყეთ რადიკალური განცხადებების გაკეთება, რაც მურმან დუმბაძემკორუფციაში გამხილათ…

მურმან დუმბაძემ მე ვერაფერში ვერ მამხილა, მე ბიზნესს არ ვაწარმოებ. მე დეკლარაციაში მაქვს  აღწერილი ყველაფერი. ბინის მშენებლობა იმიტომ დავიწყეთ, რომ თითო-თითო ბინა მე და ჩემს მეგობრებს გვქონოდა. სესხი მაქვს აღებული – დედაჩემის სახლი მაქვს ჩადებული გირაოში, ჩემი პარტნიორების ქონებაც გირაოშია. ეს ყველაფერი მიწერია დეკლარაციაში, არაფერი დამალული არ მქონია. ამით მურმანმა თითიდან გამოწოვილი თემა შექმნა. თუ მე კორუფციაში ვარ გარეული, მიმართოს პროკურატურას, მაგრამ დამიჯერეთ, არ მიმართავს. ყველაფერი უაზრობა რაც წამოიწყო,  გადაფარვის მიზნითაა, ჩემმა განცხადებებმა გამოიწვია მისი რეაქციები, მე კი არ გავღიზიანდი, მურმანი გაღიზიანდა და დაიწყო რაღაცების ვითომ გამოაშკარავება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეთერ თურაძე