სიახლეები

როგორ ასწავლიან მოქალაქეობას საქართველოში

14.02.2015 • 3632
როგორ ასწავლიან მოქალაქეობას საქართველოში

პედაგოგებს ტრენინგები პროექტის – „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“ ფარგლებში ჩაუტარდათ, რომელსაც ორგანიზაცია PH International, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდამჭერით, პროგრამა “მომავლის თაობას“ მეშვეობით ახორციელებს. PH International-ის წარმომადგენლის მანანა ყუბანეიშვილის თქმით, ტრენინგები პედაგოგებს შესაძლებლობას აძლევს უფრო საინტერესო გახადონ სამოქალაქო განათლების გაკვეთილები.

„ეს არის საგანი, როცა თეორია უნდა გადაიტანო პრაქტიკაში. სხვანაირად კარგ მოქალაქეობას ვერ ასწავლი მოზარდს. საგნის სწავლების მთავარი მიზანი თანამედროვე მოქალაქის ჩამოყალიბებაა“, – გვეუბნება ის.

როგორ ხდება თანამედროვე მოქალაქის ფორმირება სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე? „ბათუმელები“ ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში მე-10 კლასის სამოქალაქო განათლების გაკვეთილს დაესწრო. კლასში უკვე მეორე წელია ამ საგანს სწავლობენ. გაკვეთილი სახელმწიფო მოწყობის თემას შეეხებოდა, რომლის განხილვა „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე მიმდინარეობდა.

„მე, პირადად, მაინტერესებს სამართლისა და ზნეობის კავშირი. მაინტერესებს როგორ აისახება, ვთქვათ, ანტიდისკრიმინაციული კანონი სამომავლოდ ხალხის ზნეობაზე“, – გვეუბნება მეათეკლასელი დემურ ჯინჭარაძე. საკითხის განხილვისას ის ეხება სექსუალური უმცირესობების თემასაც. მისი აზრით, თავისუფლება მნიშვნელოვანი ღირებულებაა, თუმცა „ყველაფერს აქვს თავისი ჩარჩო და მათ შორის გამოხატვის თავისუფლებასაც“. დემური ფიქრობს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით, „ქართულ ტრადიციებს საფრთხე ექმნება“. თუ რატომ? – ამ კითხვაზე მისი პასუხი ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს სცილდება.

სტატიაზე მუშაობის პროცესში სხვადასხვა სკოლის არაერთ მოზარდთან კომუნიკაციის დროს აღმოჩნდა, რომ მოზარდების უმრავლესობა, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, რატომღაც ფიქრობს, რომ ევროპული ღირებულებები „ყველაფერს ქართულს საფრთხეს უქმნის“. ერთ-ერთ მოზარდ გოგონას ისიც კი არ მოსწონს, როცა მისი თაობის გოგონებს ისე აცვიათ, როგორც ევროპაში – „მოკლე კაბებით დადიან და პირსინგს იკეთებენ“. კიდევ ერთი თინეიჯერი გოგოსთვის ასევე ამორალურია ერთზე მეტჯერ ქორწინება: „ძირძველი ქართველები ადრე არ თხოვდებოდნენ ორჯერ-სამჯერ…“

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური კოორდინატორის, ნანა თავართქილაძის თქმით, მოსწავლეთა მხრიდან გამოთქმულ დისკრიმინაციულ ტერმინებზე ხშირად პედაგოგები სათანადოდ ვერ რეაგირებენ.

„სექსუალურ, რელიგიურ თუ ეთნიკურ საკითხებზე პედაგოგებს ნაკლები განათლება აქვთ. ამიტომ, აუცილებელია პედაგოგებმა მეტი ვიცოდეთ, რომ რთული სიტუაციებიდან გამოსვლა შევძლოთ. ტრენინგების პროგრამაში დისკრიმინაციის საკითხები შედის, მაგრამ კონკრეტულ უმცირესობებზე ცალკე აღებული არ გვისაუბრია“, – ამბობს ის.

სამოქალაქო განათლების საგნის პედაგოგი, იურისტი ლელა ბორჩხაძე ამბობს, რომ მას, როგორც პედაგოგს, დისკუსიის დროს უფლება არ აქვს, რომელიმე მოსაზრების მხარეს დადგეს: „როგორც პედაგოგი, არ ვარ უფლებამოსილი რომელიმე შეხედულებას მივცე ბიძგი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გაკვეთილზე ვსწავლობთ ღირებულებებს, თუმცა ჩემს აზრს მოსწავლეებს მე ვერ მოვახვევ“. პედაგოგის აზრით, ასეთ დროს მნიშვნელოვანია მოსწავლეს კონკრეტული მაგალითების დახმარებით მიაწოდო სწორი ინფორმაცია.

„ამ საგნის მთავარი არსი ის არის, რომ ჩვენ გავზარდოთ პასუხისმგებლიანი მოქალაქე და ვასწავლოთ მათ თავისუფალი ნების გამოხატვა“, – ამბობს ლელა.

კლასში მოსწავლეების უმეტესობა აღიარებს, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა საკითხის არსებითად განხილვის დროს შეზღუდვებს ემხრობიან. „მე არ მომეწონა, როცა „შარლიმ“ რელიგია გააშარჟა, მაგრამ ჩემთვის გაცილებით მიუღებელია, შარჟის გამო მოკლა ადამიანი“, – ამბობს მარიამ ადამია. თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც: „ყველაფერს აქვს ჩარჩო, მათ შორის თავისუფლებასაც“, – მიაჩნია დემურს.

რა იციან მოსწავლეემა ევროკავშირზე? „რატომ უნდა შეიცვალოს ევროკავშირის გამო ძირძველი ქართული ტრადიციები?“ – ამბობს თამუნა. თუმცა, კითხვაზე, რას გულისხმობს „ძირძველ ტრადიციაში, რომელიც იძულებით უნდა შეგვიცვალონ“, გვეუბნება, რომ  დაკონკრეტება უჭირს.

„ჩვენ ამ ერთი კონკრეტული გაკვეთილიდანაც კი ვხედავთ, რამდენად დიდია პრობლემა“, – ამბობს ლელა ბორჩხაძე. მისი აზრით, ღირებულებების პრობლემას  საკუთარი ტრადიციებისა და რელიგიის ცუდად ცოდნაც ქმნის: „ვაჟა-ფშაველა არის ყველაზე კარგი მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა აზროვნებდეს თანამედროვე ადამიანი. სკოლაში სწავლობენ „ალუდა ქეთელაურს“, „სტუმარ-მასპინძელს“, მაგრამ სამოქალაქო აზროვნების დონეზე არ განიხილავენ იმ ფასეულობებს, რაც ამ ნაწარმოებებშია გადმოცემული. მოსწავლეები არ ეძებენ სიღრმეებს. ალბათ ჩემი ბრალიცაა, რომ ყურადღება არ გამიმახვილებია მულტიკულტურულ საკითხებზე“.

პედაგოგის აზრით, მოქალაქეობრივი აზროვნება უნდა ყალიბდებოდეს ოჯახშიც: „ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ ეს მეორეხარისხოვანი, ზედემეტი საგანია. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს“.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამგეობის წევრის, მაკა ბიბილეიშვილის თქმით, გაკვეთილების ხარისხის ასამაღლებლად პედაგოგები  ინფორმაციას სხვადასხვა საშუალებით იღებენ: „ტრენინგების გარდა არსებობს ღია გაკვეთილები, რომელიც ონლაინშიცაა ატვირთული და მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა ნახონ. გარდა ამისა, ტარდება მრგვალი მაგიდები ცალკეულ საკითხებზე, პროექტის ფარგლებში გამოცემულია ოთხი დამხმარე სახელმძღვანელო, ჩამოყვანილი გვყავდა ტრენერები აშშ-დან. ორგანიზაციის სახით არსებობს პედაგოგთა ფორუმი, სადაც ასევე განიხილება ყველა მნიშვნელოვანი თემა, რომელიც პედაგოგებს აინტერესებთ“.

PH International -მა სამოქალაქო განათლების პედაგოგების გადამზადება სამი წლის წინ დაიწყო. „ეს საგანი სკოლებში 2006 წლიდან ისწავლება. მანამდე არ არსებობდა საგნის სწავლების მეთოდი, არც პედაგოგები იყვნენ კვალიფიციური, შრომის გაკვეთილებს ჰგავდა ეს გაკვეთილები და რომელ პედაგოგსაც დააკლდებოდა საათი, ის შედიოდა. ვფიქრობ, ტრენინგებისა და სახელმძღვანელოების შემდეგ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია“, – ამბობს მაკა ბიბილეიშვილი.

ბოლო ტრენინგების თემა, როგორც მაკა ბიბილეიშვილი ამბობს, შეეხებოდა დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენას: „არის შშმ პირთა საკითხების, ბავშვთა უფლებების, სახელმწიფო მოწყობის, ეკონომიკური და სხვა მნიშვნელოვანი თემების განხილვა. თემის აქტუალობა ტრენინგებზე პედაგოგთა საჭიროებების მიხედვით იგეგმება“.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 800-მდე პედაგოგია გადამზადებული, 2015 წელს კი, 480 პედაგოგი კიდევ უნდა გადამზადდეს. წელს პირველი ტრენინგი 29 იანვარს ჩატარდა, რომელსაც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან 28 მასწავლებელი ესწრებოდა. ტრენინგები იანვარ-მარტის თვეებში ჩატარდება.  პროექტის ფარგლებში აჭარაში სულ 53 პედაგოგი უნდა გადამზადდეს.

სამოქალაქო განათლება არჩევით საგნად წელს პირველად დაემატა ეროვნულ გამოცდებს. რამდენი აბიტურიენტი გააკეთებს ამ საგანზე არჩევანს, რეგისტრაცის შემდეგ გახდება ცნობილი.

გადაბეჭდვის წესი