ნეტგაზეთი • RU

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მედეა ვასაძეს პასუხობს

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის მიერ ინვესტიციების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით 2014 წლის ინვესტიციის მოცულობა გაზრდილია და 265 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

 

„მე ვერ დავეთანხმები ამ განცხადებას. შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით დათვლილი არის 2014 წლის საინვესტიციო მოცულობა, რომელიც 265 მილიონ დოლარს შეადგენს. ვფიქრობ, ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. 2013 წელთან შედარებით 36%-იანი ზრდაა. თუ შევადარებთ 2012 წელს, არის 74 %-იანი ზრდა. ამას ასევე ნათელყოფს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაცია ცხრა თვის შესახებ, სადაც ნაჩვენებია ბიზნესაქტივობის, დასაქმებისა და გამოშვებული პროდუქციის ზრდა,“ – განაცხადა დავით ბალაძემ.

 

დავით ბალაძემ მედეა ვასაძის იმ ბრალდებასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც  „საკადრო პოლიტიკაზე და ბიზნესინტერესებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ მოიპოვა გავლენა და კონტროლი“.

 

„ჩვენთან არც ერთი კონკრეტული ინვესტორი ამ მიმართულებით არ მოსულა, რომელსაც რომელიმე სპეცსამსახურის თანამშრომლები ავიწროებდნენ ან რაღაც მსგავს საკითხთან ჰქონოდათ საქმე,“ – განაცხადა დავით ბალაძემ.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მედეა ვასაძემ „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზებზე განცხადება დღეს გაავრცელა.  

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"