Batumelebi | დავით ბალაძე: სახელფასო დანამატი პასუხისმგებლობის მიხედვით გადანაწილდა დავით ბალაძე: სახელფასო დანამატი პასუხისმგებლობის მიხედვით გადანაწილდა – Batumelebi
RU | GE  

დავით ბალაძე: სახელფასო დანამატი პასუხისმგებლობის მიხედვით გადანაწილდა

 

დღეს, 28 იანვარს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე დავით ბალაძემ  სახელფასო დანამატების ახალ სისტემაზეც ისაუბრა.  

 

დავით ბალაძე
დავით ბალაძე

„ახალი რეგულაციის მიხედვით პრემიებს ვეღარ აიღებენ მინისტრები, მათ მოადგილეები და უფლებამოსილებით დანიშნული პირები. ზეგანაკვეთზე შრომის ანაზღაურება დანამატით დარეგულირდა, რომელიც პასუხიმგებლობის ხარისხის მიხედვით გადანაწილდა. პრემია გაიცემა მხოლოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელებზე, მთავარ სპეციალისტებსა და განყოფილებების უფროსებზე, მაგრამ ეს იქნება დიფერენცირებული, სამართლიანი, დამსახურების მიხედვით” – განაცხადა დავით ბალაძემ.


„ბათუმელების” ინფორმაციით მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ასევე მათი მოადგილეები, მთავრობის აპარატის უფროსი და თანაშემწე 2015 წლის იანვრიდან ხელფასის ოდენობის 75- პროცენტიან დანამატს მიიღებენ. სპეციალისტებისა და სხვა დაბალი რანგის მოხელეების შემოსავალი კი ხელფასის ოდენობის 40-პროცენტიანი დანამატით გაიზრდება. „ბათუმელებმა“ სტატია ამის შესახებ ამ კვირის ნომერში გამოაქვეყნა.  

 

აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინსიტროს პრესსამსახურის განმარტებით, მინისტრების მოადგილეები და უფლებამოსილების ვადით დანიშნული პირები მიიღებენ 75 პროცენტიან დანამატს, თუმცა ვერ მიიღებენ პრემიას. ხოლო რაც შეეხება დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, მთავარ სპეციალისტებს და სხვა საჯარო მოხელეებს, ისინი 40-პროცენტიან სახელფასო დანამატთან ერთად პრემიის აღებასაც შეძლებენ, დამსახურების მიხედვით.  

 

დავით ბალაძემ ბრიფინგზე ახალი ელექტრონული სახაზინო სისტემის შესახებაც ისაუბრა. 

„მიმდინარე თვეში მთელი ქვეყნის საბიუჯეტო და სახაზინო საქმიანობა ქაღალდის ბრუნვის აქამდე არსებული სისტემიდან უფრო ეფექტურ ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. შესაბამისად საბიუჯეტო ორგანიზაციებმა საბიუჯეტო ფინანსური სახსრების ანგარიშსწორება უკვე ელექტრონული ფორმატით დაიწყეს. აღნიშნული სისტემა საჯარო დაწესებულებების ერთ-ერთი ინოვაციური პროდუქტია. მისი მიზანი საბიუჯეტო ორგანიზაციების საფინანსო საქმიანობის პროცესის მაქსიმალური გამარტივება და ხელმისაწვდომობაა.  
ახალ სისტემაზე გადასვლისას გვქონდა მცირე ხარვეზები, რომლის გამოც საჯარო დაწესებულებებში თანამშრომელთა ყოველთვიური გასამრჯელოები დაგვიანებით გაიცა, თუმცა თვის ბოლომდე ახალი ელექტრონული სისტემა აბსოლუტურად გამართულად იმუშავებს“ – განაცხადა მინისტრმა.  



ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"