სიახლეები

მეთევზეთა პრობლემები შავი ზღვის სანაპიროზე

20.01.2015 • 1954
მეთევზეთა პრობლემები შავი ზღვის სანაპიროზე

„შეხვედრის მიზანია შედგეს კონსტრუქციული დიალოგი მხარეებს შორის. ამ შემთხვევაში მხარეები არიან მეთევზეები და  სახელმწიფო სტრუქტურები, კერძოდ სანაპირო დაცვის სამსახური, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი და  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ეს ის სტრუქტურებია, რომლებიც გამოსცემენ ბრძანებებს და არიან ამ ბრძანების შესრულებაზე პასუხისმგებელნი. კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებსა და მეთევზეებს შორის არის დაბალი.

საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტო გამოსცემს ბრძანებებს, მაგრამ ამ ბრძანებებში არის ისეთი სამაშველო საშუალებების აღჭურვილობა, რომელთა შეძენა ამ ეტაპისთვის მეთევზეებს უჭირთ,“  – ამბობს შეხვედრის ერთ-ერთი მომხსენებელი „ტრადიციულ მეთევზეთა ასოციაციის თავმჯდომარე“ დავით ბაგრატიონი.

შეხვედრაზე მეთევზეებმა თავიანთი პრობლემების შესახებ ისაუბრეს. ძირითადად ისინი ახალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც ნავზე რაციები და სამაშველო აღჭურვილობები უნდა ჰქონდეთ. მეთევზეთა თქმით, მათ ამის შეძენის საშუალება არ აქვთ.

„ორი დღის წინ დამაჯარიმეს, ფანარი არ მქონდა. ღამის განათება ნავზე კი მაქვს, მაგრამ გულზე უნდა გქონდესო. 300 ლარით დამაჯარიმა სანაპირო დაცვამ, მაგრამ ხელი არ მოვაწერე და გადახდასაც არ ვაპირებ,“ – ამბობს მეთევზე ჯიმშერ ტეტემაძე.

გარდა ამ პრობლემისა, შეხვედრაზე დაისვა ნავების რეგისტრაციის საკითხი. მეთევზეთა თქმით, ნავის რეგისტრაცია ყოველ წელს თავიდანაა საჭირო, რაც მათთვის დამატებითი ხარჯია.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, რეგულაციები მეთევზეთა უსაფრთხოებისთვის შემოიღეს.

„ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ნაოსნობის უსაფრთხოება დარეგულირდეს. როდესაც კანონი შედიოდა ძალაში, ეს იყო 2013 წლის 15 დეკემბერი, ყველასთან არ დავრეკეთ, მაგრამ მეთევზეთა წარმომადგენლებს ვესაუბრეთ. ტერიტორიების მიხედვით შევარჩიეთ. ისინი მოვიწვიეთ, ვინც შეძლებდა ინფორმაციის მიწოდებას მეთევზეებისთვის. იმ დროისთვის  წინააღმდეგობა არავის გაუწევია. გარდამავალი დებულებების სახით იყო შესული და ძალაში შედის ორი წლის შემდეგ, ანუ 2016 წლის დეკემბერში. მივეცით საკმაო დრო, რომ მომზადებულიყვნენ მეთევზეები. მინიმალური მოთხოვნები დავუწესეთ და ამაზეც პრეტენზია აქვს. სამაშველო ჟილეტები და რაცია, რაც  ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებული აღჭურვილობაა,“ – ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გემების რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი სოფიო გოგიძე.

მისივე თქმით მიმდინარე წელს ნავების რეგისტრაციის საკითხიც გამარტივდა, კერძოდ ნიჩბიანი ნავების რეგისტრაცია უფასო გახდა.

„ნიჩბიან ნავებთან დაკავშირებით ჩვენ უკვე შემოვიღეთ უფასო მომსახურება. გავითვალისწინეთ მათი ეკონომიკური მდგომარეობა. ყოველწლიურად კეთდება იმიტომ, რომ  ამას კანონი გვავალდებულებს. რეგისტრაციის განახლება ნიშნავს შემოწმებას, არის თუ არა მცურავი საშუალება ტექნიკურად გამართული. ანუ ისევ უსაფრთხოების თვალსაზრისით კეთდება. მოვიდნენ წარმომადგენლები სააგენტოში, დავილაპარაკებთ და ვნახავთ რამდენადაც შესაძლებელი იქნება მათი თხოვნის დაკმაყოფილება,“-  ამბობს სოფიო გოგიძე.

მეთევზეთა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა შეხვედრა პროექტ „საქართველოში ტრადიციულ მეთევზეთა ინტერესების დაცვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ევროკომისიაა.  

გადაბეჭდვის წესი