სიახლეები

პატიმრის ოჯახის წევრები განაჩენს აპროტესტებენ

20.01.2015 •
პატიმრის ოჯახის წევრები  განაჩენს აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია პროკურატურასთან

„ჩემი შვილი გასულ წელს დააპატიმრეს.  რადგან პრობაციონერი იყო და სასჯელს იხდიდა, ამიტომ მიიტანეს მასზე ეჭვი. მოწმეები არასწორად დაკითხეს,  ცემეს და დააშინეს“- ამბობს, ბრალდებულის დედა თამარ პაპიძე.

ის, რომ მოწმეები სასამართლო პროცესზე კანონდარღვევით დაკითხეს, ამას ბრალდებულის ადვოკატი რამინ პაპიძეც ადასტურებს:

„ფაქტობრივად, ამ პირის დაკავება, ბრალის წარდგენა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა უკანონოდ მოხდა.  ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვით გიორგი პაპიძე დამნაშავედ ცნეს ქურდობაში, ჯგუფთან ერთად. გამამტყუნებელი განაჩენი მთლიანად დაეფუძნა ამავე საქმეში ორი მსჯავრდებული პირის ჩვენებებს. ამ პირების მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება“.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ეს ორი მსჯავრდებული სასამართლო პროცესზე აცხადებდა, რომ დანაშაულის ადგილზე გიორგი პაპიძე არ უნახავთ:

„გარდა ამისა, სასამართლომ დაარღვია სსსკ-ით დადგენილი მოწმეების  დაკითხვის წესი.  კანონის მიხედვით, მოწმეები ერთმანეთის დაკითხვას არ უნდა ესწრებოდნენ.   ბრალდებულის, მოწმეებისა და დაზარალებულის დაკითხვა ხდება ცალ-ცალკე. ამ საქმეზე კი, მოწმეები ერთმანეთის ჩვენებებს ისმენდნენ“-განაცხადა ადვოკატმა.

რამინ პაპიძის განცხადებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი საქმეში: „როცა  ბრალდებულის ამოცნობის პროცესი ჩატარდა, ამოცნობის დროს  ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ასამბაძემ, განაცხადა, რომ გიორგი პაპიძე მას  პოლიციის ადმინისტრაციის შენობაში აჩვენეს. ეს დეტალი ამოცნობის ოქმში შეტანილია. ასამაბაძე ჩემთან საუბარშიც ადასტურებდა, რომ ის არ იცნობდა ბრალდებულ პაპიძეს და მასთან არანაირი შეხება  არ ჰქონია“.

გიორგი პაპიძის საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოშია გადაგზავნილი.

„ჩვენ გვინდა, რომ უზენაესმა სასამართლომ გულდასმით შეისწავლოს  საკასაციო საჩივარი და იქ მოყვანილი გარემოებები. ჩვენ მივუთითეთ ყველა იმ დარღვევაზე,  რაც იყო დაშვებული განაჩენის გამოტანამდე, მოვითხოვთ მოწმეების ხელმეორედ დაკითხვას“.

ამ დროისთვის გიორგი პაპიძე სასჯელს ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: