სიახლეები

დენის და წყლის გარეშე ტბეთის ქუჩაზე

13.01.2015
დენის და წყლის გარეშე ტბეთის ქუჩაზე

აქცია ტბეთის 12 ნომერში

ტბეთის #12-ში მდებარე შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ბალანსზეა. ამორტიზებულ შენობაში სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები დაახლოებით ერთი წლის წინ შესახლდნენ. შენობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი, საერთო საპირფარეშოს ფუნქციას კი ეზოში მდებარე, სახელდახელოდ მოწყობილი ნაგებობა ასრულებს. ამ პირობებში ცხოვრობს 20-მდე ოჯახი, ძირითადად მრავალშვილიანები, როგორც აქ ამბობენ, შენობაში 56 ბავშვია, სკოლის მოსწავლეები და მცირეწლოვანები.

„აქ არიან სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანები, მარტოხელები და ომის ვეტერანები. არასდროს, არავინ არ მიაქცია ყურადღება ამ ხალხს“ – განმარტავს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამბობს, რომ აქ მცხოვრები ადამიანების პრობლემების შესწავლის თხოვნით არაერთხელ მიმართა მთავრობას: „ვერ მივაღწიეთ იმას, რომ მომხდარიყო კომისიის მიერ ამ ოჯახების მდგომარეობის შესწავლა, ელემენტარულს ვითხოვდით, რომ საარსებო პრობები შექმნილიყო აქ, წყლის შემოყვანას და  ელექტროენერგიას“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

ადგილზე მცხოვრებნი ამბობენ, რომ აჭარის ფინანსთა სამინისტრო, რომლის ბალანსზეცაა შენობა, არ არის წინააღმდეგი, ენერგოკომპანიამ შეიყვანოს შენობაში დენი. სამინისტროს პოზიციის დამადასტურებელი წერილი ოჯახებმა „ენერგო-პროს“ წარუდგინეს, თუმცა აქ შუქი ამ დრომდე არა აქვთ. „ორი თვეა რაც კომპანიას მივმართეთ, ზუსტი პასუხი არ მიგვიღია ამ დრომდე “ – ამბობს რევაზ დიასამიძე, ტბეთის #12-ში მცხოვრები.

ეზო

„აქ 56 ბავშვი ცხოვრობს, აქ არიან მარტოხელები, ომის ვეტერანები, გვაქვს საერთო საპირპარეშო, წყალი საერთოდ არ გვაქვს, შუქის შემოყვანის ნება ძვლივს დაგვრთეს, მაგრამ არ გვირთავენ. ერთი წელია აქ ვართ. წამოდით და ნახეთ, როგორ პირობებში ვცხოვრობთ, გაუსაძლისი პირობებია“ – ამბობს ლეილა ძირკვაძე.

აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ  მდგომარეობის შესწავლის თხოვნით არაერთხელ მიმართეს ქალაქის მერიას, როგორც საერთო, ისე ინდივიდუალური განცხადებებით, თუმცა ამაოდ. ტბეთის #12-ში ამბობენ, რომ ერთი წლის მანძილზე აქ მცხოვრებთა მდგომარეობით ხელისუფლება არ დაინტერესებულა.

„მერიაში ვწერთ განცხადებებს, ვითხოვთ დახმარებას, მაგრამ არავინ არ გვაქვცევს ყურადღებას. იმდენად გვიჭირს, რომ მუნიციპალური სასადილოთი ვსარგებლოთ და იმით ვარჩენთ ბავშვებს“ – ამბობს ლეილა ძირკვაძე.

„სოფელი მაჭახლიდან ვართ, ეკომიგრანტი ვარ. ოთხი შვილი მყავს. ჩემი შემოსავლის წყარო არის სოციალური დახმარება, ესაა ჩვენი ოთხი შვილის საჭმლის ფული, სანამ დახმარება მოდის, ნისიად ვიღებთ საჭმელს, მოვა დახმარება და ვალებში ვანაწილებ“ – ამბობს დიანა ცეცხლაძე, რომელიც ერთ ოთახში მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე.  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.