სიახლეები

პატიმრის გადაყვანას ციხიდან სამკურნალო დაწესებულებაში ითხოვენ

13.01.2015 • 1419
პატიმრის  გადაყვანას ციხიდან სამკურნალო დაწესებულებაში ითხოვენ

პატიმრის ადვოკატი მარინა კაკაურიძე „ბათუმელებთან“  ამბობს, რომ დაახლოებით ათი დღის წინ მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ სამედიცინო დასკვნა მიიღო. მისივე ინფორმაციით, სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მომზადებულ დასკვნაში  წერია, რომ „ბრალდებულს ორგანული ნერვული აშლილობა აქვს დეპრესიის ფონზე“. ეს დიაგნოზი ბრალდებულს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

ექსპერტიზის დასკვნა ადვოკატმა მეშვიდე დაწესებულების დირექტორს, შოთა ტრაპაიძეს გასულ კვირას გაუგზავნა. ადვოკატმა   მიმართა ასევე სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს, თამთა დემურიშვილს, მაგრამ  პასუხი ჯერ არ მიუღია. ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ბრალდებულს ექიმ-ფსიქიატრის მუდმივი მეთვალყურეობა ესაჭიროება. შესაბამისი მედპერსონალი კი მეშვიდე დაწესებულებას არ ჰყავს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს განმარტებით, ბრალდებულის სამედიცინო დასკვნა უწყებამ 2015 წლის 8 იანვარს მიიღო, ადვოკატს კი კანონით დადგენილ ათი დღის ვადაში უპასუხებენ.  რაც შეეხება ამ დროისთვის პატიმრის ჯანმრთელობის  მდგომარეობას, უწყების პრესსამსახურში  განმარტავენ, რომ  ეს პატიმრის პირადი ინფორმაციაა და ამის შესახებ  ინფორმაციას  ვერ მოგვაწვდიან.

 

პატიმარი გასულ წელს სასჯელს ბათუმის მესამე დაწესებულებაში იხდიდა. ოფიციალური ინფორმავიით, ამ დაწესებულებაში ყოფნის დროს მას სხეულზე მიყენებული სხვადასხვა თვითდაზიანების გამო 80-ზე მეტი ნაკერი ედო. ამის შემდეგ პატიმარი თბილისში გადაიყვანეს.  მას რამდენიმე დღის განმავლობაში ექსპერტები აკვირდებოდნენ. ოჯახის წევრებისა და ადვოკატის ინფორმაციით,  თვითდაზიანების ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.

რამდენიმე კვირის წინ პატიმარს აკრძალული ნივთის უკანონო შენახვაზე წარუდგინეს ბრალი. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ბადრაგმა შემოწმებისას მას მუჭში აღმოუჩინა სამართებელი, რაც დაფიქსირებულია სათვალთვალო კამერით.  ადვოკატის მტკიცებით, იმავე საბრალდებო დასკვნაში ბადრაგები ყვებიან, რომ პატიმრის  ჩხრეკა (მისი გაშიშვლება და დათვალიერება) მოხდა დაწესებულებაში, პირველი სართულის „კიბის უჯრედთან“, სადაც ვიდეოთვალი დამონტაჟებული არ არის.

ამ ეტაპზე ადვოკატს არ აქვს მტკიცებულება, რის საფუძველზე წარუდგინეს პატიმარს ბრალი. გამომძიებელმა ჯერჯერობით ვერ უზრუნველყო მტკიცებულების მიწოდება დაცვის მხარისთვის. „მე მივედი მასთან, მივიტანე მეხსიერების ბარათი, რაშიც უნდა ჩაეწერა გამომძიებელს სათვალთვალო კამერიდან ამოღებული მტკიცებულება, თუმცა გამომძიებელმა მითხრა, რომ მეხსიერების ბარათი არ  გაიხსნა და მოგვიანებით მტკიცებულების დისკით მოწოდებას შემპირდა“, – ამბობს ადვოკატი.

მუჭში აღმოჩენილი სამართებლის საქმეზე სასამართლო პროცესი 26 იანვარსაა ჩანიშნული. პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე დაცვისა და ბრალდების მხარე ვალდებული არიან ერთმანეთს საქმეში არსებული მტკიცებულებები გაუცვალონ.

 

გადაბეჭდვის წესი