სიახლეები

არღვევს თუ არა მერია ბათუმის საკრებულოს წევრების უფლებებს

25.12.2014 • 1309
არღვევს თუ არა მერია ბათუმის საკრებულოს წევრების უფლებებს

 

საკრებულოს სხდომა ბათუმში
საკრებულოს სხდომა ბათუმში

ამ საკითხის განსახილველად ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნით საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და საფინანსო საბიუჯეტი კომისიის ერთობლივი, გაფართოებული სხდომა მოიწვიეს.

 

„ჩვენ არ მოგვეცა საშუალება განგვეხილა და შენიშვნები დაგვეწერა დამატებულ 17 მილიონზე, ან ამ 17 მილიონის ჩათვლით ერთიანად განგვეხილა ბიუჯეტი. მე მაქვს კითხვა, ხომ არ ირღვევა ჩემი, როგორც საკრებულოს წევრის და ჩემი ფრაქციის უფლება?! მაქვს ვალდებულება მონაწილეობა მივიღო ბიუჯეტის დაგეგმავში და ვაკონტროლო მისი შესრულება. ასევე, ხომ არ ირღვევა საზოგადოების უფლება, ჩაერთოს ბიუჯეტის დაგეგმავაში?!“ –  განაცხადა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელმა კობა ჩხეიძემ სხდომაზე. მან იურიდული კომისიის თავმჯდომარისგან ლევან კინწურაშვილისგან მიიღო პასუხი, რომ მერიას იურიდიულად პროცედურა არ დაურღვევია და მერს ჰქონდა უფლება წარმოედგინა გაზრდილი ბიუჯეტი: „თუმცა მორალურად და ლოგიკურადაც გეთანხმებით და ამ მიმართულებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ“ – განაცხადა ლევან კინწურაშვილმა. 

 

მსჯელობა დიდხანს გაგრძელდა.

 

მოსაზრება, რომ საკრებულოს წევრის უფლებები შეილახა, კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ცინცქილაძემ დაადასტურა. იგივე პოზიცია დააფიქსირეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც.

 

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით:

 

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა ქალაქის მერი წარუდგენს  საკრებულოს. საკრებულო ვალდებულია ბიუჯეტის პროექტი მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში გაასაჯაროოს.

 

კანონმდებლობის მიხედვით საკრებულო საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.

 

შენიშვნების არსებობის შემთხვევაში  საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მერს. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

 

ბათუმის საკრებულომ ამ ჩანაწერით გათვალისწინებული ვადა სრულიად გამოიყენა და  საკრებულოს კორეტირებული ბიუჯეტი 10 დეკემბერს გადაუგზავნა, თუმცა ახალმა ვარიანტმა საკრებულოში არა ახალი ბიუჯეტის შენიშვნებთან შესაბამისობის, არამედ სულ სხვა საკითხი დააყენა დღის წესრიგში.

 

კობა ჩხეიძის განმარტებით „ეს ბიუჯეტი არის აბსოლუტურად განსხვავებული იმ ვერსიისგან“, რომელზეც იმსჯელეს: „ბიუჯეტის პირველად ვარიანტზე ჩვენ გვქონდა დაძლევადი შენიშვნები, ახლა რაც არ უნდა ვიმსჯელოთ, ჩვენი შენიშვნების გათვალისწინება ვერ მოხდება “ -ამბობს კობა ჩხეიძემ.

 

 „ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენს შენიშვნებზე დაყრდნობით შესწორებული ბიუჯეტი? –  მე მგონია, რომ ჩვენ საერთოდ ახალი ბიუჯეტი შემოგვივიდა“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ კომისიის სხდომაზე.

 

იურიდიულ და საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე ამ საკითხის განხილვა სხდომაზე გადაწყვიტეს: „სხდომაზე დააყენეთ ეს საკითხი დღის წესრიგში და ვნახოთ“ – მიმართა ლევან კინწურაშვილმა კოლეგებს.

 

დღეს სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს 29 დეკემბრის სხდომაზე საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მხარს დაუჭერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი დამტკიცდება.

 

რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში და შეილახა თუ არა საკრებულოს წევრის უფლება მიიღოს მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში და განახორციელოს კონტროლი? – ამ კითხვით ექსპერთს თვითმმართველობის საკითხებში და თვითმმართველობის კოდექსის ერთ-ერთ ავტორს დავით ლოსაბერიძეს მივმართეთ:

 

„ამ შემთხვევაში მესმის საკრებულოს იმ წევრებისაც, რომლებსაც პრეტენზია აქვთ და იურიდიული კომისიის თავმჯდომარისაც, რომელიც ამბობს, რომ პროცედურა არ დარღვეულა. ეს არის საქართველოს საფინანსო კანონმდებლობის პრობლემა. არც ის ვადაა საკმარისი, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს უკან დაბრუნებული ბიუჯეტის კორექტირებისათვის. მსგავსი პრობლემა დგება წლის ბოლოს ცენტრიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სპეციალური ტრანსფერის გადაცემის შემთხვევაშიც. ვერც საზოგადოება და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციები იტყვიან ალბათ, რომ არიან  კმაყოფილი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართვის შესაძლებლობით ისევ და ისევ მოკლე ვადების გამო. ეს საკანონმდებლო კაზუსია, თუმცა საკრებულოები იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ამ შემთავეაშიც თუ ბათუმის საკრებულო ბიუჯეტს დაამტკიცებს, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება“ – განაცხადა დავით ლოსაბერიძემ „ბათუმელებთან.“

 

გადაბეჭდვის წესი