სიახლეები

ბათუმის ლოგო ისევ ვერ აირჩიეს

24.12.2014
ბათუმის ლოგო ისევ ვერ აირჩიეს

კომისიის სხდომა

„ჩვენ ვიმუშავეთ და ოციდან ხუთი ლოგო შევარჩიეთ, ახლა შეგვიძლია ამ ხუთიდან გავაკეთოთ არჩევანი, არ ვიცი რატომ ვუბრუნდებით იგივეს თავიდან, არ მინდა დავიჯერო, რომ ასე უცებ ვცვლით გადაწყვეტილებებს“ – განაცხადა შოთა გუჯაბიძემ სხდომაზე.

კომისიის კიდევ ერთი წევრი მირანდა ჩარკვიანი კენჭისყრაზე იმ ლოგოს (“ყირამალა”) დაყენებას ითხოვდა, რომელმაც 23 დეკემბერს გამარჯვებულად გამოცხადებული ლოგოს შემდეგ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა,  თუმცა კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დამდგარა.

სხდომის დაწყებისთანავე ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რომ ამ დრომდე ის ნაკლებად აქტიურობდა და ყველაზე ცოტას ლაპარაკობდა, რადგან ლოგოების საკითხში არაკომპეტენტურია: „… მაგრამ  გუშინ ნახევარმა ბათუმმა და თბილისმა მომწერა ეს რა აირჩიეთო.“

ამ განცხადების შემდეგ ირაკლი ჭეიშვილმა კომისიის წევრებს უთხრა, რომ მას ერთ-ერთმა კონკურსანტმა „ფეისბუქის“ საშუალებით მიწერა, რომ ლოგოს პრეზენტაციის გაკეთების და კონცეფციის ახსნის საშუალება არ მიეცა: „ეს არის ირაკლი თოფურია, მან პრეზენტაცია გადმომიგზავნა“. ეს ლოგო კომისიის მიერ გუშინ 23 დეკემბერს შერჩეულ ხუთეულში არ ყოფილა.

კომისიის თავმჯდომარის განცხადება ნათია აფხაზავამ გააპროტესტა, მან აღნიშნა, რომ თუ ვინმეს პრეზენტაციის გაკეთების საშუალება მიეცემა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ კომისიამ კონკურსანტები არათანაბარ პირობებში ჩააყენა.

კომისიამ გენო გელაძის წინადადაებით კენჭი უყარა კონკურსის ჩაშლის საკითხსაც თუმცა ამ წინადადედებას ინიციატორის გარდა მცხოლოდ ერთმა ნათია აფხაზავამ დაუჭირა მხარი.

გენო გელაძე ახალი კონკურსის გამოცხადებას საპრიზო თანხის გაზრდისა და კომისიაში სპეციალისტების ჩართვით ითხოვდა.

საბოლოოდ კომისიამ გადაწყვიტა არჩევანი ისევ შერჩეულ ოც ლოგოს შორის გააკეთოს, ოღონდ მას შემდეგ რაც ავტორები ან მათი წარმომადგენლები კომისიასთან პრეზენტაციით წარსდგებიან.

არაოფიციალური ინფორმაციით კომისიის წევრებიდან ზოგიერთს და მათ შორის თავმჯდომარეს, ირაკლი ჭეიშვილს „ყირამალას“ გამარჯვება მხოლოდ იმიტომ არ უნდა, რომ სიმბოლო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შეიქმნა და ბათუმის სიმბოლოებს შორისაც სწორედ წინა მთავრობის დროს დამკვიდრდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.