Batumelebi | მაღალმთიან აჭარაში სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გადასცემენ მაღალმთიან აჭარაში სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გადასცემენ – Batumelebi
RU | GE  

მაღალმთიან აჭარაში სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გადასცემენ

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს „ნივის“ მარკის მაღალი გამავლობის 21 ავტომაქანას გადასცემს.

 

პირველ ეტაპზე 12 ავტომანქანა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების პირველად ჯანდაცვის ცენტრებზე გადანაწილდება. წლის ბოლომდე ავტომანქანებს ქედის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებიც მიიღებენ.


პროექტი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინასებით ხორციელდება, ავტომანქანების შესაძენად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო 190 400 ლარი, თითოეული ავტომანქანის ღირებულება შეადგენს 11 500 დოლარს.


პროექტში გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითთმართველი ორგანოების ჩართულობა, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტები დაფარავენ ავტომანქანების შენახვის, საწვავის ხარჯებს და მძღოლის ხელფასს.

 

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტომანქანებით აღჭურვა უზრუნველყოფს მთის რეგიონის სოფლის ექიმების მობილობის გაზრდას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

სოფლის მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით სამინისტრომ 2014 წელს აამოქმედა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალსწინებს სოფლის ექიმების მატერიალურ სტიმულირებას ხელფასის დანამატის დანიშვნით, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 300 ლარით, ხელვაჩაურის და ქობულეთის სოფლის ექიმებისათვის 150 ლარით.

 

მიმდინარე წელს სოფლის ექიმებს ანაზღარება 30 %-ით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომაც გაუზარდა. ისინი ასევე მარაგდებიან ფარმაცევტული პროდუქტებით, სამედიცინო დანიშნულების საგნებით, სააღრიცხვო ბარათებით და საკანცელარიო ნივთებით. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"