სიახლეები

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე სასამართლოს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევის გამო მიმართავს

16.12.2014 • 1701
საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე სასამართლოს  ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევის გამო მიმართავს

ასლან კახიძე
ასლან კახიძე

ასლან კახიძე საკრებულოს იმ წევრებს, რომლებმაც მის წინააღმდეგ გადაყენების პროცედურა წამოწყეს, დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

„წერილში პირდაპირ ეწერა, რომ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის მიზეზი ოპოზიციაში გადასვლა გახდა, რაც დისკრიმინაციულია. არც ერთ კანონში არ წერია ის, რომ თავმჯდომარის ოპოზიციაში გადასვლა შესაძლოა მისი გათავისუფლების მიზეზი გახდეს“, – აღნიშნა ასლან კახიძემ „ბათუმელებთან“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი თავმჯდომარის პარტიული ნიშნით გათავისუფლების გამო სარჩელს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შეიტანს:

„ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია შეისწავლოს ხელვაჩაურის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარის საქმე და თუკი შევჯერდებით ერთიან პოზიციაზე, ვგეგმავთ, რომ გავასაჩივროთ საკრებულოს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, საკრებულოს ჰქონდა უფლება გაეთავისუფლებინა თავმჯდომარე თანამდებობიდან, მაგრამ დისკრიმინაციული იყო ჩანაწერი, როცა მას თანამდებობიდან ათავისუფლებენ იმის გამო, რომ ის არის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ხოლო „თავისუფალი დემოკრატები“ ახლა აღარ არის „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში.

ვფიქრობ, ეს ფორმა, რაც წინ უძღოდა მის გათავისუფელებას, იყო დისკრიმინაციული და სწორედ ამ მიმართულებით ვგეგმავთ სასამართლოში საქმის წაღებას.

ხელმძღვანელ თანამდებობაზე შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს სხვა პარტიული კუთვნილება, მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით არასწორი და დაუშვებელია“, – განმარტა ორგანიზაციის იურისტმა ეკა ბოკუჩავამ. 

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარის გადაყენების მიზეზად თვითმმართველობის შესახებ კანონის 34-ე მუხლი და საკრებულოს რეგლამენტის 27-ემუხლის მეათე პუნქტი დაასახელეს. ორივე ჩანაწერის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. არც კოდექსში და არც საკრებულოს რეგლამენტში არ წერია, რომ თავმჯდომარის გადაყენების მიზეზი შეიძლება მისი ოპოზიციაში გადასვლა გახდეს. 

საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარის გადაყენების შესახებ წერილობით მოთხოვნაში განმარტეს: „გაცნობებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგები დატოვეს პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოდის ოპოზიციის წარმომადგენელი… საკრებულოს უმრავლესობას მიზანშეწონილად მიაჩნია საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან“. 

ამ წერილით საკრებულოს წევრებმა საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ასლან კახიძეს (მისივე გადაყენების თაობაზე) მიმართეს. საკრებულოს თავმჯდომარეს პროცედურა არ შეუფერხებია და საკრებულოს აპარატს საკითხის სხდომისთვის მომზადება დაავალა, რომელ სხდომაზეც ის თხუთმეტი ხმით ხუთის წინააღმდეგ გადააყენეს.

ასლან კახიძის თქმით, მის უფლებებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს.

გადაბეჭდვის წესი