სიახლეები

როგორ მიმდინარეობს მანდარინის რთველი

16.12.2014 • 1658
როგორ მიმდინარეობს მანდარინის რთველი


ზაურ ფუტკარაძე
ზაურ ფუტკარაძე

ბატონო ზაურ, როგორ შეაფასებთ წლევანდელ ციტრუსის სეზონს, რა განსხვავებაა გასულ წელთან შედარებით?

 

გასულ წელთან შედარებით მოსავალი წელს ნაკლებია, თუმცა ხარისხობრივად უკეთესი. მაგალითად, 2013 წელს ქვეყნის მასშტაბით 120 ათას ტონაზე მეტი მოსავალი იყო, წელს კი 85-90 ათასს ველოდებით. აჭარაში 72-75 ათას ტონა ციტრუსს ვვარაუდობთ.

 

არ მინდა, მთლიანად სამინისტროს დავაბრალო და ვთქვა ჩვენი მუშაობის შედეგია, მაგრამ მართლაც იყო სერიოზული ცვლილებები. ჩვენი რეგიონის ნიადაგი ხულოსა და შუახევის გარდა მჟავეა, რაც მცირე მოსავლიანობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. 2014 წელს ერთ-ერთი დიდი მიზნობრივი პროგრამა, რომელიც სამინისტრომ განახორციელა, იყო ქიმიური მელიორაციის საშუალებებით ფერმერთა უზრუნველყოფა. ერთხელ ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ ნიადაგს 8-12 წლის განმავლობაში აღარ დასჭირდება მჟავიანობის განეიტრალება.  

 

შარშან საწარმოები გადავეცით სიმბოლურ ფასად. მომძლავრდნენ ეს საწარმოები და მიმდინარე წელს 30-ზე მეტი საწარმო აქტიურადაა ჩართული პროცესში. ასევე დაემატა რამდენიმე ახალი საწარმოც. ერთ-ერთი არის ლეღვაში. დაემატა სხვა ღონისძიებებიც _ ქობულეთში, გოგიტიძის საწარმოში სანთლავენ პროდუქციას, რაც ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის უნარიანობას. წელს უზრუნველყოფილია რეგიონი ყუთებით. გვაქვს სამი სახის ყუთი – ანათალას, ანუ შპონის ყუთები, მუყაოსა და პლასტმასის ყუთები.

 

ერთ-ერთი რთული საკითხი იყო არასტანდარტული პროდუქციის გადამუშავება და წელს დაემატა კიდევ ერთი მძლავრი საწარმო. ამჟამად ორი გადამამუშავებელი საწარმოა. შეიძლება დაემატოს მესამე საწარმო კვირიკეში, თემურ ჯაშის საწარმო, რომელიც დაახლოებით 1300 ტონამდე პროდუქტს მიიღებს. ეს სამი საწარმო მთლიანად უზრუნველყოფს რეგიონში არასტანდარტული მანდარინის მიღებას. გაისად არასტანდარტული ციტრუსის საწარმო ხელვაჩაურშიც გაიხსნება.

 

 

რატომ შეიქმნა მანდარინის ჩაბარების დროს რიგები ქობულეთში?

 

ერთ საწარმოში, სადაც იაპონელები არიან დამკვეთები, გამოაცხადეს სანიტარული დღე. მეორე საწარმოში გადაიწვა ძრავი. საქართველოში ის ვერ შეაკეთეს, ვერც ახალი იყიდეს, რადგან არ იყო ბაზარზე და იძულებული გახდნენ წაეღოთ თურქეთში. ჩემი ინფორმაციით, ახლა ორივე საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი 24-საათიან რეჟიმზე გადადის. სხვათა შორის, საწარმოს დამატებით 80-მდე ადამიანი სჭირდება სამუშაოდ.

 

 

როგორ ეხმარება სამინისტრო ფერმერებს ციტრუსის რეალიზებაში?

 

წელს მოხდა არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება. წინა წელში გვქონდა შემთხვევა, რომ სუბსიდირებას (10 თეთრი ქარხნიდან, 10 თეთრი ჩვენი მხრიდან) ვერ იღებდა გლეხი და ეს გაგრძელდა გაზაფხულამდე. წელს ეს საკითხი მოგვარებული გვაქვს და როგორც კი გლეხი ჩააბარებს მანდარინს, იმ დღესვე ან მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში იღებს 20 თეთრს. სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებისათვის 2 000 000 ლარია გამოყოფილი, რაც 20 ათასი ტონის სამყოფი თანხაა. ვფიქრობთ, ამდენი არ იქნება საჭირო. მთლიან პროდუქციაზე არასტანდარტული მოსავლის წილი მაქსიმუმ 12% იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც დავიზღვიეთ თავი.

 

 

წელს დაიწყო ციტრუსის დაზღვევა, რაშიც ჩართულია სახელმწიფო. როგორ ასრულებენ სადაზღვევო კომპანიები აღებულ ვალდებულებებს?

 

მანდარინით დატვირთული მანქანები ქობულეთში
მანდარინით დატვირთული მანქანები ქობულეთში

აგროდაზღვევა საპილოტე პროგრამაა სოფლის მეურნეობაში. სახელმწიფოს ბიუჯეტის თანხა 95%-ია, დანარჩენს იხდის ფერმერი. მომართვიანობა მაღალი იყო და არ ველოდებოდი თუ 10 000-მდე ფერმერი დააზღვევდა მოსავალს. დასაწყისში იყო გაურკვევლობა სადაზღვევო კომპანიასა და ფერმერებს შორის.

 

ვთქვათ, ხელშეკრულებაში უწერიათ, რომ დაისეტყვა გარკვეული ფართობი, ფერმერს 24 საათის განმავლობაში ტელეფონით უნდა ეცნობებინა სადაზღვევო კომპანიისთვის ამის შესახებ, მაგრამ როცა მეორე, მესამე დღეს გააგებინა, კომპანიამ თქვა, რომ დაგვიანებული იყო. ამ სიტუაციაში სამინისტრო ჩაერია და დღეს ჩვენ არ გვყავს ფერმერი, რომელიც დაზღვეულია და ვერ იღებს სანაცვლოდ ანაზღაურებას. თუ ასეთი შემთხვევა იქნება, ნებისმიერ დროს მზად ვართ გავცეთ პასუხი ფერმერს, დავაკვალიანოთ და მოვუგვაროთ საკითხი.

 

 

როგორ მიმდინარეობს ექსპორტის პროცესი, რამდენი ტონა მოსავალი გავიდა წელს უცხოურ ბაზარზე?

 

წელს ასეთი სისტემა გვაქვს, რომ ყველა სოფელში, როგორც ადგილობრივი თემის რწმუნებულები, ასევე ჩვენი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები ყოველდღიურად აწარმოებენ აღრიცხვას, თუ რომელ სოფელში რამდენი, რა მანქანა შემოვიდა, რამდენი ტვირთით და სად მიდის. ამ ინფორმაციით დღეის მდგომარეობით 23 000 ტონა გატანილია ექსპორტზე და 4 000 ტონაზე მეტი კი გადამუშავებული.

 

 

რა მიმართულებით ხორციელდება მოსავლის ექსპორტი?

 

 

წინა წელთან შედარებით, წელს ჭარბობს ექსპორტზე გატანილი პროდუქტი. ჯერ კიდევ ზაფხულიდან დავიწყეთ თადარიგი იმისთვის, რომ განბაჟების ტარიფები ყველა ქვეყანასთან ყოფილიყო დარეგულირებული. გასულ წელს უკრაინაში განბაჟების ტარიფი იყო ფიქსირებული 1100 დოლარიდან, წელს 500 დოლარიდან გვაქვს უკრაინაში და სომხეთში, 600 დოლარიდან _ რუსეთში. შარშანდელთან შედარებით წელს ექსპორტის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა რუსეთი, შემდგომ სხვა ქვეყნები. გაიზარდა შუა აზიაში ექსპორტის წილიც, კონკრეტულად უზბეკეთში.

 

 

უკრაინის მიმართულებით ბორანი რეგულარულად გადის. დავამატეთ რეისები როგორც ფოთში, ასევე ბათუმში, ანალოგიურად სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით. შუა აზიაში ჩართულია როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო გადაზიდვა. მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ გაიხსნას საზღვაო გადაზიდვები რუსეთის მიმართულებით ფოთისა და ბათუმის პორტიდან. რუსეთში სამი მიმართულებით გადის ექსპორტზე საქონელი ლარსის გავლით _ საავტომობილო ტრანსპორტით, აზერბაიჯანის გავლით _ საავტომობილო გზით და ასევე აზერბაიჯანის გავლით _ სარკინიგზო ტრანსპორტით.

 

 

როდის დამთავრდება ციტრუსის ჩაბარების ეტაპი?

 

მოსახლეობის ნაწილი, რასაც ჩვენ ვეძახით „სუპერმანდარინს“ ყიდის იანვარში, თებერვალში. ჩვენი ციტრუსის ბაღები ბიოლოგიურად დაბერებულია. მას აღარ შეუძლია იმ რაოდენობის ნაყოფის მოცემა, რაც უნდა მოგვცეს, ამიტომ აგროსერვისცენტრში უკვე გამზადებულია და გაზაფხულიდან დავიწყებთ საადრეო ციტრუსის ნერგების გაცემას. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში ციტრუსის სეზონი აღარ იქნება მარტო დეკემბერ-იანვარში, დაიწყება სექტემბრიდან და გაგრძელდება იანვრის ჩათვლით.

 

გადაბეჭდვის წესი