სიახლეები

ზამთრის მარკეტინგი ბათუმში

10.12.2014 • 1683
ზამთრის მარკეტინგი ბათუმში

 

„ბრაიტონი“  ბათუმში, ერას მოედანთან ახლოს მდებარე 15-ნომრიანი სასტუმროა. გასულ კვირას ამ სასტუმროში ერთი ნომერიც კი არ ყოფილა დაკავებული. რამდენიმე კვირაა თავისუფალია სასტუმროს 25 პირზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზიც. ადმინისტრატორ ზურა ნაგერვაძის თქმით, წელს, ზამთარში „ძირითადად ასეა“ და მომხმარებლის ოდენობის ზრდა უმეტესად იმაზეა დამოკიდებული, „ხდება თუ არა ქალაქში რაიმე საინტერესო“.

 

„გასულ თვეში, ჭადრაკის ფესტივალის მიმდინარეობისას, თითქმის ყველა ნომერი დაკავებული იყო. ახლა ქალაქში არაფერი ხდება“, – ამბობს ზურა. მისივე ინფორმაციით, „ბრაიტონს“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ფასდაკლებები აქვს.

 

„თუ საკურორტო სეზონზე ჩვეულებრივი სტანდარტული ნომრის ფასი 160 ლარია, შემოდგომაზე 130 ლარამდე, ხოლო ზამთარში 110 ლარამდე მცირდება“.

 

როგორ უნდა მიიღოს ინფორმაცია მომხმარებელმა ფასდაკლების შესახებ? – კითხვაზე დაზუსტებული პასუხი ზურას არ აქვს. ინფორმაცია ზამთრის სეზონთან დაკავშირებულ ფასდაკლებაზე, არც სასტუმროს  ვებგვერდზე იძებნება.

 

სასტუმროებში – „შერატონი“ და „რედისონ ბლუ ივერია“ არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი ნომერია ამ დროისთვის დაკავებული. ორივე შემთხვევაში მარკეტინგული სამსახურის სპეციალისტების ინფორმაციით, დატვირთვა ისეთი არ არის, როგორიც ზაფხულში, ტურისტულ სეზონზეა.

 

„ზამთრის პერიოდისთვის სტუმრებს ვთავაზობთ გაილამაზონ ცივი დღეები, ეწვიონ ჩვენს სასტუმროს და გაატარონ არაჩვეულებრივი დრო მყუდრო და კომფორტულ გარემოში. სწორედ ამისათვის შევიმუშავეთ ზამთრის ტარიფები ფასდაკლებებითა და დამატებითი შეღავათებით“, –  წერილობით უპასუხა  „ბათუმელებს“ „შერატონის“ წარმომადგენელმა მეგი ჟღენტმა.

 

ინფორმაცია მის მიერ ნახსენებ შეღავათებზე, ქართულ ენაზე, არც „შერატონის“ ვებგვერდზე იძებნება.

 

სასტუმრო „ინტურისტის“ მარკეტინგის სამსახურის სპეციალისტის თქმით კი, ზამთარში სასტუმროს დატვირთვა ისეთი აღარ არის, როგორიც რამდენიმე წლის წინ, ახალი წლის მოახლოებამდე ერთი თვით ადრე, ან ახალი წლის დღეებში იყო.

 

„როდესაც ბათუმში საახალწლო ღონისძიებაზე მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოდიოდნენ, სასტუმროში ტევა აღარ იყო. მსგავსი ტიპის ღონისძიებას სასტუმრო დამოუკიდებლად ვერ მოაწყობს, რადგან ფიზიკურად არ დაეტევა 300-400 ადამიანზე მეტი. ამ შემთხვევაში ბილეთის ფასი იმდენად არარეალუარად გაიზრდება, რომ  დიდი ვარაუდია, არ გაიყიდოს ბილეთები და სასტუმრო წაგებული დარჩეს“, –  ამბობს „ინტურისტის“ პიარმენეჯერი ეკატერინე ყაველაშვილი.

 

კითხვაზე, რატომ უნდა გაწიოს სახელმწიფომ ხარჯი იმისთვის, რომ სასტუმროს მფლობელმა ფული იშოვოს? – ეკატერინე ყაველაშვილი პასუხობს:

 

„მესმის, მაგრამ ეს სახელმწიფოსაც აწყობს, რადგან აქ ადამიანები არიან დასაქმებულები. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ტურიზმი განვითარებულია, სასტუმროებს საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ მთავრობაში, რომლებსაც ამბავი მიაქვთ მთავრობამდე, თუ რა უჭირს სასტუმროს და მთავრობა რიგი პროექტების განხორცილებისას  მიღებულ ინფორმაციას ითვალისწინებს.“

 

ზამთრის სეზონზე სასტუმროების დასახმარებლად გარკვეული ძალისხმევის გაწევის აუცილებლობას სახლმწიფოს მხრიდან არც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გამორიცხავენ. თუმცა ბევრი თანხის ხარჯვას ბიუჯეტიდან საახალწლო ღონისძიებების დასაგეგმად იმისათვის, რომ სასტუმროებმა ან სხვა კერძო სექტორმა იხეიროს, არასწორ მიდგომად მიიჩნევს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი. 

 

„როცა სასტუმროს ხსნი, თავად უნდა ეძიო გზები იმისთვის, რომ შენი სერვისი გაყიდო. სახელმწიფოს არ დაუვალებია სასტუმრო გაეხსნათ, ეს მათ გადაწყვიტეს. სასტუმროს შეუძლია ბევრი რამ მიაბას ზამთარში თავის პროდუქტს იმისთვის, რომ საინტერესო გახადოს შეთავაზება, მაგალითად, ბევრი ტურისტული მარშრუტის გამოყენება შეიძლება ზამთარში. შეიძლება ასევე მუზეუმებთან, საბაგირო გზის მენეჯმენტთან შეთანხმება, ამას ორგანიზება სჭირდება. ჩვენმა ტურისტულმა სექტორმა უმეტესწილად არ იცის, როგორ გაყიდოს პროდუქტი. თუმცა ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის, ზოგადად, ტურისტული მიმართულებით ახალგაზრდა ქვეყანა ვართ, ბოლო ათი წელია, რაც ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

 

დავინახეთ ამის საჭიროება და მესამე წელია პერიოდულად ვატარებთ ტრენინგებს სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტისთვის, ვგეგმავთ მათი კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. ვასწავლით, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ტრადიციული და ონლაინმარკეტინგული ხერხები. ზოგადად, როგორ უნდა მივიდნენ კლიენტამდე, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის.“

 

მოსაზრებას, რომ ზამთრის სეზონზე მომხმარებლის ნაკლებობის პრობლემის გადამწყვეტი მთავრობა ვერ იქნება, გარკვეულწილად საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად ელიზიანიც ეთანხმება. თუმცა, ამავდროულად მიიჩნევს, რომ არასაკურორტო სეზონზე გარკვეული ივენთების სუბსიდირება თუ არ განხორციელდა, ტურისტის მოზიდვა რთული იქნება.

 

„აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო ან რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა,  სახალხო დღესასწაულების კარგ დონეზე ორგანიზება. შეიძლება ეს იყოს საშობაო ბაზრობა – როგორც ევროპაშია და ამის პიარ-მარკეტინგული მხარდაჭერა. საახალწლო ღონისძიებები ბოლო წლებია ქაოსურად, ფორს-მაჟორულ ფორმატში იგეგმება და ხარისხიც შესაბამისად დაბალია, რაც ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს ტურისტების მოზიდვას.  აშკარად დგას კოორდინაციის პრობლემა სამთავრობო ორგანოებს შორის.

 

კერძო სექტორი კი, გარკვეული გამონაკლისების გარდა, დიდად ვერ აცნობიერებს ჯერ  არასეზონურ პერიოდში ფასდაკლებების, პრომოაქციების განხროციელებისა და ამის სათანადო რეკლამირების მნიშვნელობას, ვერ ახერხებს აქტიური პრომოუშენის განხორციელებას. საერთო ჯამში, მათ აკლიათ სწორი მენეჯმენტი და მარკეტინგის გამოცდილება“.

 

წელს, ზამთრის ტურიზმის სტიმულირებისთვის, საახალწლო დღეებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მომხმარებელს ფასდაკლებების სეზონს შესთავაზებს. „25 დეკემბრიდან, როგორც უცხოელ, ისე ქართველ ტურისტებს ვთავაზობთ ფასდაკლებების სეზონს აჭარაში. ეს იქნება 30-50-პროცენტიანი ფასდაკლება ქალაქის სასტუმროებში. ამ პროექტში დაახლოებით 30 სასტუმროა ჩართული და რამდენიმე ტურისტული ობიექტი, მათ შორის ბათუმის დელფინარიუმი, მუზეუმები“, – უთხრა „ბათუმელებს“ დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწემ, სოფო გუჯაბიძემ.  

გადაბეჭდვის წესი