სიახლეები

პროგრამა ნარკოდამოკიდებული პაციენტებისთვის და მათი “ოდეერები”

06.12.2014 • 4420
პროგრამა ნარკოდამოკიდებული პაციენტებისთვის და მათი “ოდეერები”

 

კონსტანტინე რუხაძე ითხოვს, რომ მისი სახელი და გვარი გამოვაქვეყნოთ. ის ჩანაცვლების პროგრამით უკვე რვა თვეა სარგებლობს. ამტკიცებს, რომ სახელმწიფო არ იცავს ადამიანის პირად ინფორმაციას და ამის გამო ჩივილსაც აპირებს. კონსტანტინეს თქმით, რამდენიმე კვირის წინ მის მეგობარს დაკავებისას პოლიცია ქუჩაში არაადამიანურად მოექცა, ამის შესახებ თვითმხილველმა კონსტანტინემ ჯერ გენერალურ ინსპექციას აცნობა, მოგვიანებით კი მოსამართლეს მოუყვა. პროკურორმა, რომელიც სასამართლოში სახელმწიფოს სახელით გამოდიოდა, მოწმის ჩვენების ადეკვატურობა ეჭვეშ დააყენა, არგუმენტად კი ის დაასახელა, რომ ადრე ნასამართლევი კონსტანტინე ახლა ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობს.

 

„საიდან უნდა იცოდეს პროკურორმა, რომ ჩანაცვლების პროგრამით ვსარგებლობ, ან საიდან იცოდა, რომ ადრე ნასამართლევი ვიყავი, როცა ნასამართლეობა გაქარწყლებული მაქვს. გავარკვიე, რომ ჩემს სოციალურ მუშაკს არ ჰქონდა მიწოდებული პროკურატურისთვის ჩემს შესახებ ინფორმაცია, რადგან ოფიციალურად ის არავის გამოუთხოვია. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ე.წ. ოდეერები მუშაობენ იქ, სადაც ადამიანები ჩანაცვლების თერაპიით სარგებლობენ. ეს სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკაა“, – ამბობს კონსტანტინე “ბათუმელებთან“.
„ჩვენთვის უცნობია რა კანონიერი გზით მოიპოვა პროკურორმა მაკა გაგიევმა ეს ინფორმაცია, პროკურორის ქმედება იყო დისკრიმინაციული, სამართალდამცავმა, რომელსაც მაღალი თანამდებობა აქვს, დაარღვია ანტიდისკრიმინაციული კანონი”, _ უთხრა „ბათუმელებს” კონსტანტინეს ადვოკატმა ლექსო ამირხანაშვილმა.

 

მაკა გაგიევი, რომელსაც დისკრიმინაციაში ადანაშაულებს კონსტანტინე, ამბობს, რომ კომენტარს პრესსამსახურის გზით გააკეთებს: “მე ვერ გავაკეთებ ამ ბრალდებაზე კომენტარს. გთხოვთ, ჩემი პასუხი გამოითხოვოთ პრესსამსახურიდან~.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახური კი, როგორც წესი, არც წერილობით მოთხოვნილ ინფორმაციას და არც სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
“ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის~ გამგეობის თავმჯდომარის, კოკა ლაბარტყავას ინფორმაციით, „სამართალდამცავებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა პროგრამის საქმიანობასა და ხელმძღვანელობაზე“. მისი შეფასებით მეტადონის პროგრამა დღეს ფუნქციონირებს „პოლიციური მიდგომებით. პროგრამაში ჩართული ადამიანების პირად ინფორმაციაზე სამართალდამცავებს ხელი მიუწვდებათ. მათი მხრიდან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ოფიციალურ გზას წარმოადგენს მიმართვა პროგრამის ხელმძღვანელობისადამი კონკრეტული ადამიანების შესახებ. თუმცა სამართალდამცავები შეუზღუდავად ფლობენ ინფორმაციას პროგრამის ყველა პაციენტზე”.

 

კოკა ლაბარტყავას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მიდგომა წამალდამოკიდებული პირების მიმართ რეპრესიულია, ამის მაგალითად მოჰყავს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული სასჯელის ზომები. მაგალითად, ნარკოტიკის მცირე დოზის შენახვისთვის 7-დან 14-წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ხოლო უფრო ნაკლები სასჯელი ელოდება გაუპატიურებაში ბრალდებულს.

 

სტატისტიკა და ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნები

შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით კოკა ლაბარტყავამ ადმინისტრაციული წესითა და სისხლისამართლებრივად დასჯილ პირთა სტატისტიკა მოგვაწოდა: 2013 წლის 10 თვის მონაცემებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით სახდელდადებულ პირთა რაოდენობა 5581-ია. 2011 წელს – 7714 პირს დაეკისრა ჯარიმა. 2013 წლის 10 თვის მონაცემებით, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 3234 პირის მიმართ (273-ე მუხლი: პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება), 2011 წლის მონაცემებით სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა 1620 პირის ხოლო, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით 1628 პირის მიმართ. (მუხლი 260: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).

 

„ბათუმელებმა“ დაახლოებით ერთი თვის წინ გამოითხოვა შს სამინისტროსგან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება 2014 წელს და რამდენი აღმოჩნდა თრობის ქვეშ… სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
ამის მიუხედავად კონსტანტინე რუხაძეს იმედი აქვს, რომ მიდგომები შეიცვალება, რადგან ვიზა ლიბერალიზაციის ერთ-ერთი პუნქტი საქართველოში ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას ეხება: “45 ათასი ადამიანია ქვეყანაში წამალდამოკიდებული, მაგრამ სარეაბილიტაციო ცენტრები არ არსებობს, ადამიანს არ შეუძლია ვინმეს მიმართოს დახმარებისთვის, აი ესაა პრობლემის კვანძი, ფუნდამენტური პრობლემა. როცა აქტიურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მე მჭირდებოდა შველა, მაგრამ არავინ იყო…

 

გვრჩება ჩანაცვლების თერაპია, სადაც საზოგადოებას ჰგონია, რომ ადამიანები ლეგალურად მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ჩანაცვლების თერაპიის პროგრამაში ჩართვა ადამიანს ფსიქოლოგიურად ეხმარება, ეს პროგრამა მიმართულია ადამიანის სოციალურ რეაბილიტაციაზე, რესოციალიზაციაზე, მის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ გამოჯანსაღებას უწყობს ხელს. დილა რომ თენდებოდა მეზიზღებოდა მანამ, ვიდრე დოზას არ მივიღებდი. დოზა რომ მიიღო, უნდა იჩალიჩო, ფული უნდა იშოვო. პრობლემაა ისიც, რომ ჩანაცვლების პროგრამაში ჩართული ადამიანები დროთა განმავლობაში ეჩვევიან პრეპარატს, ამიტომ ალტერნატიულ გზას ეძებენ, რომ დაამატონ ფსიქოტროპული წამლები, რასაც მოაქვს ნეგატიური შედეგი, როგორც მისი ჯანმრთელობისთვის, ისე უბიძგებს მას ჩაიდინოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი პროგრამის სწორი და ეფექტიანი წარმართვა, სამედიცინო და სოციალური მომსახურების კომპლექსურად მიწოდება, რათა ადამიანისათვის სწორედ იქნეს შერჩეული მისი კუთვნილი დოზა. ყოველივე ამის ნაცვლად კი ჩვენს პროგრამაში პოლიციური და რეპრესიული მიდგომებია ამოქმედებული. ჩანაცვლების პროგრამამ ბევრ ოჯახს მოუტანა სიმშვიდე. ადამიანები გახდნენ შრომის უნარიანები. აღარ აქვთ სარისკო ქცევა, ინფექციების რისკიც ძალიან დაბალია“.

 

სახელმწიფო პროგრამა

სახელმწიფო წამალდამოკიდებულს სთავაზობს მკურნალობას, რომელიც მოიცავს ორ კომპონენტს: სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია, ჩანაცვლებითი თერაპია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამის მიზანია ნარკომანიით დაავადებულთა უზრუნველყოფა მკურნალობით, რეაბილიტაციით, ჩანაცვლებითი თერაპიითა და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით. ჩანაცვლებითი თერაპიისა და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების კომპონენტის ფარგლებში მომსახურების ვაუჩერი 215 ლარია. ამასთან, პაციენტმა თანაგადახდის პრინციით თვეში 110 ლარი უნდა გადაიხადოს. თანაგადახდა არ ეხება აივ ინფიცირებულებს და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებულ იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.
კონსტანტინე ამბობს, რომ პროგრამა ბევრმა იძულებით დატოვა:

 

“ვერ იხდიან 110 ლარს. ეს ისეთია, კიბეებზე ნელა რომ ადიხარ, უცებ ხელს გკრავენ და დაგაგორებენ, ასეთ დროს შეიძლება შიშისგან გაგისკდეს გული, ან ცუდად გახდე, ან წაიქცე და დაშავდე. მიატოვო მეტადონის პროგრამა – ეს ადამიანს ანგრევს, ქუჩაში რჩება. წინა ხელისუფლების დროს წამალდამოკიდებულ პირებს გვყავდა ხილული მტერი, რომელიც ახდენდა ჩვენს რეპრესიას, დისკრიმინაციას, დაჯარიმებას, ეს ხელისუფლება არაფერს ცვლის, ჩანაცვლების თერაპიაში ოდეერები დანიშნეს. ეს წარმოუდგენელია. გრძელდება ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ. თვალსაჩინოა სახელმწიფოს ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკა – მაშინ როდესაც საქართელოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მხარს უჭერს ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანებისათვის სამედიცინო და სოციალური პროგრამების მიწოდებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დევნის, სჯის და ჩაგრავს ამ ადამიანებს“.

 

კონსტანტინე რუხაძისთვის პრობლემაა ისიც, რომ ადმინისტრაცია მათ პაციენტებად არ აღიქვამს: `ისევე არ გვექცევიან, როგორც მაგალითად დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს. ჩვენ გვიყურებენ როგორც კრიმინალებს“.
კონსტანტინე კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, ჩანაცვლების პროგრამაში ჩართული ქალების მიმართ არსებულ სტიგმაზე. „ნარკოტიკების მომხმარებელ ქალებს უწევთ ცხოვრება ორმაგი სტიგმატიზაციის პირობებში, რაც გამოისახება, როგორც საზოგადოების, ისე მამაკაცი მომხმარებლების მხრიდან მათი დისკრიმინაციით. მამაკაცი მომხმარებლები არატოლერანტები არიან ქალების მიმართ: „რიგში, სადაც ყველა ერთად ველოდებით კუთვნილ პრეპარატს, დამინახია კუთხეში ატუზული ქალი, შერცხვენილი, თავჩახრილი… პრობლემა ერთია, ავადობაც ერთი, ერთია მოთხოვნაც, მაგრამ არატოლერანტია კაცი ქალის მიმართ“. კონსტანტინეს აზრით, პროგრამით მოსარგებლე ქალები და მამაკაცები სხვადასხვა შესასვლელით უნდა სარგებლობდნენ. “ხოლო საქართველოში არც ერთი ჩანაცველბითი თერაპიის პროგრამა არ არის მორგებული ქალების საჭიროებებსა და სპეციფიკაზე“.

 

ბათუმის ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი, ლია ჯინჭარაძე კონსტანტინეს სტიგმის ნაწილში ეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ ქალებისთვის ცალკე შესასვლელის გაკეთებით სტიგმას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ლია ამბობს, რომ სტიგმისა და სტერეოტიპის გამო ქალებს ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვა ძალიან უჭირთ.
ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ქალი იყო პროგრამაში და ოჯახის წევრებმა აიძულეს მისი დატოვება არსებული სტერეოტიპების გამო. ლია ამბობს, რომ კონსულტაციაზე მისული ქალი პაციენტები პროგრამაში ჩართვაზე უარს ერთი მიზეზით ამბობენ: „ყველა დამინახავს“.

 

ახლა ბათუმის ნარკოლოგიურ ცენტრში 88 პაციენტი სარგებლობს მეტადონის პროგრამით, აქედან ქალი მხოლოდ ერთია. პროგრამა სულ 100 პაციენტზეა გათვლილი. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში გლდანის დაწესებულებაში ათავსებენ იმ პირებს, ვინც ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობს და თავისუფლების აღკვეთა მიესჯება. პაციენტებს პრეპარატი ციხეებშიც მიეწოდებათ, ოღონდ კლებადი დოზით.

 

ჩანაცვლების თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტები საქართველოში უცხოეთიდან შემოაქვთ. დილიდან 15 საათამდე პაციენტი ნარკოლოგიურ ცენტრში უნდა მივიდეს, რათა პრეპარატი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღოს.
ბათუმის ნარკოლოგიურ ცენტრში პროგრამით მოსარგებლე პირებს თანადაფინანსების გადახდა არ უწევთ – პროექტს საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია “შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი აფინანსებს. 2007-2014 წლებში პროგრამით 786-მა პაციენტმა ისარგებლა, მათ შორის 8 იყო ქალი.

 

და ბოლოს, ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013 წელს 222 300 ლარი დაიხარჯა; 2014 წელს 568 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო 2015 წელს სახელშეცვლილი პროგრამის ბიუჯეტი – 300 000 ლარი იქნება.

 

გადაბეჭდვის წესი