სიახლეები

ბათუმში დონორთა IV საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

21.11.2014 • 1495
ბათუმში დონორთა IV საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ აჭარის მთავრობის სტრატეგიულ მიმართულებებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

კონფერენცია ორ ნაწილად ჩატარდება, პირველი ნაწილში კონფერენციის მონაწილეები სექტორულ პრეზენტაციებს წარადგენენ, მეორე ნაწილში კი დაგეგმილია ბათუმის IV საერთაშორისო აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონია და დონორი ორგანიზაციების მხადაჭერით განხორციელებული პროექტების მონახულება ქობულეთში („აგროსერვის ცენტრი“).

„დღეს, განხილული იქნება აჭარის ა.რ-ის პრიორიტეტები, ასევე დონორებთან ერთად განხორციელებული პროექტების შეჯამება, ერთგვარი მონიტორინგი და სამომავლო დაგეგმარება იმისა, თუ რისი გაკეთება შეიძლება კიდევ  დონორებთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ დონორების მიერ დანახული ის პრიორიტეტები, რაც აჭარის მთავრობას გააჩნია სხვადასხვა მიმარტულებით, არის იმის საწინდარი, რომ მათ თავისი პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ ჩვენს პროექტებში. ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა თუ ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძალიან სანდო პარტნიორი ვართ ყველა დონორისთვის” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.

კონფერენციაში მონაწილეობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ცენტრალური მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მომხსენებელთა შორის არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დემურ დიასამიძე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე. ასევე, გაეროს განვითარების პროგრამისა და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლები საქართველოში; გერმანიის განვითარების ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი და სხვები.

გადაბეჭდვის წესი