სიახლეები

ბათუმის მასწავლებლის სახლმა 3000-ზე მეტი პედაგოგი გადაამზადა

16.11.2014 • 2650
ბათუმის მასწავლებლის სახლმა 3000-ზე მეტი პედაგოგი გადაამზადა

 

„ორ კატეგორიად დაიყო ჩვენი ტრენერები. პირველი კატეგორია ეს არის ტრენერი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად ჩაატაროს ტრენინგი. ასეთი არის 54 ადამიანი. მეორე კატეგორიის არიან ტრენერები, რომლებსაც შეუძლიათ პირველი კატეგორიის ტრენერებთან ერთად წყვილში ჩაატარონ ტრენინგი. ასეთი გვყავს 19 ადამიანი. გადამზადების ჯგუფიდან მხოლოდ ოთხი ტრენერი დაიწუნეს. მათ რეკომენდაცია მიეცათ, რომ კიდევ გაიარონ გადამზადების ტრენინგები“, –  ამბობს აჭარის განათლების ფონდის ბათუმის მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე.

 

ზოგადი პროფესიული უნარები, განათლების დაწყებითი საფეხური, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ინკლუზიური განათლება, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, მუსიკა, ფრანგული, გერმანული,     ინგლისური, რუსული ენები – ეს არის იმ საგნების ჩამონათვალი, რომელ საგნებშიც მასწავლებელთა სახლის ტრენერები მოქმედ მასწავლებლებს გადაამზადებენ.

 

„ყველა ტრენერმა ჩაატარა ტრენინგი, გარდა გერმანულისა. ამ ეტაპზე, რუსული, ინგლისური და ინკლუზიური განათლების ტრენინგები მიმდინარეობს. მასწავლებლებს არამარტო ბათუმში ვამზადებთ, ძირითადი აქცენტი გადატანილია მუნიციპალიტეტებზე. ტრენინგები ტარდება ადგილზე. მუნიციპალიტეტების ცენტრებში – ხულოს, ქედის, შუახევის, ქობულეთის საჯარო სკოლებში. ტრენერები დადიან და ტრენინგებს იქ უტარებენ“, – ამბობს ლალი ლომთათიძე.

 

მისივე თქმით, აპრილამდე თბილისის მასწავლებლის სახლიდან ჩამოდიოდნე ტრენერები, რომლებიც ადგილობრივ ტრენერებს ტრენინგებს სხვა პედაგოგებთან ერთად უტარებდნენ.

 

„თუ ვთქვათ იყო ოთხი ტრენერი მათემატიკაში გადასამზადებელი, ხოლო ჯგუფში უნდა ყოფილიყო 20 მსმენელი, ჩვენ დამატებით საჯარო სკოლის 16 პედაგოგს ვსვამდით იმ ჯგუფში“, – ამბობს ლალი ლომთათიძე.

 

 

აჭარის განათლების ფონდის ბათუმის მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აპრილამდე თბილისის მასწავლებელთა სახლის ტრენერების მიერ ჩატარებულ შერეულ ჯგუფებში ტრენინგებზე გადამზადდა 1413 პედაგოგი. ხოლო 2014 წლის აპრილიდან აგვისტომდე, მას შემდეგ, რაც ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერებმა დაიწყეს ტრენინგების ჩატარება, გადამზადდა 1771 პედაგოგი.

 

ტრენერები ანაზღაურებას საათობრივად იღებენ. იმ შემთხვევაში თუკი ტრენინგის ჩატარება ბათუმში უწევთ, საათობრივი ანაზღაურება 20 ლარია, ხოლო თუკი მუნიციპალიტეტებში გადიან (ხულო, ქედა, შუახევი, ქობულეთი) საათობრივი ანაზღაურება იზრდება და 30 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ხელვაჩაურს, ამ მუნიციპალიტეტების პედაგოგებს ტრენინგების გავლა ბათუმში შეუძლიათ.

 

„პროფესიულ უნარებში ვატარებდი ტრენინგებს. მაისში, ივნისსა და ივლისის დასაწყისში მე და ჩემმა მეწყვილემ მირანდა გორგოშიძემ ერთად ჩავატარეთ ტრენინგები. შუახევში ოთხ ჯგუფთან ვიმუშავეთ, ქედაში სამ ჯგუფთან, ბათუმში კი ორ ჯგუფთან ვიმუშავეთ“, – ამბობს თამთა კვარაცხელია, რომელიც პროფესიული უნარების ტრენერია.

 

სამოქალაქო განათლების ტრენერმა თამარ გოგიშვილმა ტრენინგები ქობულეთსა და ხულოში ჩაატარა. „ქობულეთში ჩავატარე ორი მოდული, ჯამში 48 საათი, მეორე ტრენინგი ჩავატარე ხულოში, ერთი ტრენინგი ჩავატარე მარტომ, მეორე ტრენინგზე მეწყვილე მყავდა“, – ამბობს თამარ გოგიშვილი.

 

მასწავლებელთა გადამზადების პროგრამას აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს და მისი წლიური ბიუჯეტი ერთ მილიონზე მეტი ლარია. სწორედ ამ თანხიდან  გამოიყოფა ფინანსები მასწავლებელთა გადამზადების პროგრამისთვის.  

გადაბეჭდვის წესი