სიახლეები

ორი წელი ტრანსპორტისა და გზის გარეშე

03.02.2015 • 945
ორი წელი ტრანსპორტისა და გზის გარეშე

 

წერილით, რომელსაც ხელს 114 მოქალაქე აწერს ხელს და რომელიც “ბათუმელების” რედაქციაში ინახება, ხელისუფლების ყურადღების მიქცევას სოფელ ველეს მოსახლეობა ცდილობს. ამ ხალხის მოთხოვნის შესრულება ორ სახელმწიფო უწყებას _ ბათუმის მერიასა ან ქობულეთი მუნიციალიტეტს შეუძლია.

 

“უკვე ორი წელია, რაც ველში მიკროავტობუსი არ დადის. მოსახლეობას სამი კილომეტრის გავლა ფეხით უწევს”, – წერენ ველეს მცხოვრებლები თავიანთ წერილში.
სოფელში 45 ოჯახი ცხოვრობს, მიკროვტობუსმა მას შემდეგ შეწყვიტა მოძრაობა, რაც სოფლის მაცხოვრებელთა განცხადებით, ბათუმის მერიის მიერ დანიშნულმა 40 ნომერმა მიკროავტობუსმა ველის უბნამდე დაიწყო სიარული. `მიკროავტობუსი ჩვენ სოფელში არ ამოდის, მხოლოდ სოფლის დასაწყისამდე მოძრაობს, ამის გამო “მარშრუტკის” მძღოლებმა, რომლებიც ადრე სოფელს ემსახურებოდნენ, მგზავრთა გადაყვანაზე უარი თქვეს, 45 ოჯახის გამო ვერ ვივლითო. ჩვენი ინფორმაციით, მერიის 40 ნომერ მიკროავტობუსს სოფლამდე მოსვლის უფლება არ აქვს, თვითნებურად მოდის აქამდე, რაც საბოლოოდ ჩვენ გვაზარალებს. ან სოფელში მოვიდეს, რომ ჩვენც ვისარგებლოთ, ან შეწყვიტოს “ქვის ხიდამდე” სიარული – გვეუბნება ამავე სოფლის მაცხოვრებელი ვარდო მაკარაძე.

 

რესპონდენტი ამბობს, რომ ტრანსპორტის არარსებობა მათ ყოველდღიურ პრობლემებს უქმნის: “ადამიანებს ტვირთი მიაქვთ ზურგით, ხალხი მუშაობს, სწავლობენ, ყოველ დღე სამი კილომეტრის ჩავლა და ამოსვლა არ არის ადვილი. გზები ისედაც მოუწესრიგებელია, ფეხი სად დადგა იმაზეც უნდა იფიქრო რომ მიდიხარ, ასეთ მდგომარეობაში ვართ და ახლა ეს პრობლემაც დაგვემატა. გამგეობა მხოლოდ გვპირდება, მაგრამ შედეგი არ გვაქვს. წინასაარჩევნოდ გამოჩდნენ მარტო, მიასწორ-მოასწორეს გზები და სულ ეს იყო. მოგვიგვარებენ თუ არა პრობლემას, ამაზე პასუხი არ აქვთ. “რაღაცას ვიზამთ”, _ მარტო ამას იძახიან”,- ამბობს ვარდო მაკარაძე.

 

ბათუმის მერიამ 40 ნომერ მარშრუტთან დაკავშირებით ველის მაცხოვრებლებს ოფიციალური პასუხი მაისშივე გაუგზავნა და მიკროავტობუსის ხაზის შეცვლაზე უარი უთხრა.
`ბათუმის მერიამ 2013 წლის 27 სექტემბრის განკარგულების საფუძველზე გააგრძელა #40 სამარშრუტო ხაზის მოძრაობის სქემა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის `ქვის ხიდის~ დასახლებამდე, გოგოლიშვილის ქუჩის გავლით. მიმდინარე ეტაპზე, ამ განკარგულებაში ცვლილების შეტანა და მარშრუტის სქემის გაგრძელება სოფელ ველამდე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია”, _ წერია ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს მერის მოადგილე რუსლან ქორიძე აწერს.
ამავე წერილის მიხედვით, მერია ამბობს, რომ მას დაგეგმილი აქვს სამგზავრო სატრანსპორტო სისტემის რეფორმა, რის ფარგლებშიც გათვალსიწინებულია არსებული საქალაქო სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაცია და შემცირება.

 

მერიის წერილის მიხედვით, რეფორმა შეეხება მუნიციპალიტეტებიდან შემოსულ სამარშრუტო ხაზებსაც. “მათ ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილების სპეციალური მარშრუტები განესაზღვრებათ”, – ნათქვამია წერილში.
ქობულეთის მინიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე ამბობს, რომ ველის მაცხოვრებელთა პრობლემებზე სმენია: “სექტემბერში დამიკავშირდა ვიღაც მაგ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ აღარ შემხმიანებიან და არ ვიცი მოაგვარეს თუ არა პრობლემა. დავინტერესდები ამ საკითხით”, – გვეუბნება გამგებელი. რაც შეეხება გზებს, გამგებელი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში ცუდი მდგომარეობაა: “მეწყერებმა ახალი გზებიც დააზიანა. გზების დეპარტამენტი ელოდება გარემოს დაცვისგან ნებართვებს, რომ ინერტული მასალები მოიპოვოს – გზების მოხრეშვა და გასწორება გვინდა რომ დავიწყოთ”.

გადაბეჭდვის წესი