სიახლეები

წელს ციხეებიდან საავადმყოფოში 3400 პატიმარი გადაიყვანეს

21.10.2014
წელს  ციხეებიდან საავადმყოფოში 3400  პატიმარი გადაიყვანეს

 

სამინისტროდან გამოგზავნილ წერილში ასევე წერია: “მიმდინარე წლის განმავლობაში სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით, ქალაქის საერთო პროფილის საავადმყოფოებში გაყვანილი იქნა 2 299 პატიმარი”. წერილში, რომელსაც ხელს აწერს ნანა ბრარაშვილი – სასჯელაღსრულების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, ასევე წერია, რომ პატიმრები ციხიდან საავადმყოფოებში სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით გადაიყვანეს.

 

ბათუმის მესამე საპყრობილე მაისში გაიხსნა. რატომ გახდა საჭირო ხუთი თვის განმავლობაში 2 299 პატიმრის გადაყვანა გამოკვლევებზე? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბათუმის #3 დაწესებულებაში შესახლებული ყველა პატიმარი გადაჰყავთ სამედიცინო გამოკვლევაზე? – ამ კითხვების პასუხად “ბათუმელებს” სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურმა სიტყვიერად განუმარტა, რომ წერილობით მოწოდებული მონაცემები არასწორია და 2014 წლის იანვრიდან 17 ოქტომბრამდე ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 3400-მდე პატიმარი გადაიყვანეს.

 

რამ გამოიწვია ასეთი ცდომილება? – ამ კითხვის პასუხად სამინისტროში განმარტეს, რომ ქვეყნის საავადმყოფოებში გადაყვანილი პატიმრების რიცხვი “ბათუმელების” მიერ გაგზავნილ წერილზე რეაგირების – პასუხის მომზადების პერიოდში შეიცვალა (ინფორმაციის მოთხოვნით `ბათუმელებმა~ სასჯელაღსრულების სამინისტროს 6 ოქტომბერს მიმართა, პასუხი კი 16 ოქტომბერს, ანუ კანონით დადგენილ ზუსტ ვადაში მიიღო). ამ განმარტების თანახმად 2014 წლიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდში საავადმყოფოებში 2 299 პატიმარი გადაუყვანია სამინისტროს, ხოლო 6 ოქტომრიდან 16 ოქტომბრის პერიოდში, ანუ მხოლოდ 10 დღეში – 1101 პატიმარი.

 

ასევე სამინისტროს პრესსამსახურის მონაცემებით, ამ ეტაპზე საპატიმრო დაწესებულებებში 10 500-მდე პატიმარია შესახლებული.

 

გარდა ამისა, საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში 2014 წლის პირველი იანვრიდან 16 ოქტომბრამდე სამარტოო საკანში განთავსებული იყო 773 პატიმარი. სამინისტროს განმარტებით, პატიმრები სამარტოო საკანში ძირითადად მაშინ გადაჰყავთ, როცა ისინი რეჟიმის წესებს არღვევენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.