Batumelebi | თურქეთის ახალი კონსული ბათუმში: იმედია, მალე შევძლებ ქართულად საუბარს თურქეთის ახალი კონსული ბათუმში: იმედია, მალე შევძლებ ქართულად საუბარს – Batumelebi

თურქეთის ახალი კონსული ბათუმში: იმედია, მალე შევძლებ ქართულად საუბარს

 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საუდის არაბეთისა და მალაიზიის საელჩოები მისი სამუშაო გამოცდილების ჩამონათვალშია. ფლობს ინგლისურს და სწავლობს ქართულს. რა გეგმები აქვს თურქეთის ახალ კონსულს ბათუმში და როგორ აფასებს ის რეჯებ ერდოღანის გახმაურებულ განცხადებას წარმომავლობაზე – გასულ კვირას იასინ თემიზქანიმ “ბათუმელების” კითხვებს უპასუხა.

 

ბატონო იასინ, რა განათლება გაქვთ?

 

 

დაწყებითი და საშუალო განათლება სტამბოლში, საუნივერსიტეტო განათლება კი ანკარაში, დედაქალაქში მივიღე. ანკარის ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გავიარე სამხედრო სავალდებულო სამსახური. შემდეგ ჩავაბარე გამოცდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვმუშაობდი ახლოაღმოსავლეთის დეპარტამენტში ატაშეს თანამდებობაზე, რის შემდეგაც გადავედი არაბეთში ვიცე-კონსულად. ამის შემდეგ მალაიზიაში თურქეთის საელჩოში ელჩის მოადგილედ ვმუშაობდი. ანკარაში საგარეო საქმეთა სამინისტროში ორი წელი ვიმუშავე ტექნოლოგიების დეპარტამენტში, მალაიზიაში დავასრულე ასევე მაგისტრატურა საერთაშორისო ურთერთობების განხრით. 2014 წლის სექტემბერში ჩამოვედი ბათუმში, დავინიშნე თურქეთის გენერალური კონსულის თანამდებობაზე. ვიცი ინგლისური, დავიწყე ქართულის სწავლა. იმედია, უახლოეს მომავალში შევძლებ ქართულად საუბარს.

 

 

ქართულის სწავლა ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ გადაწყვიტეთ?

 

 

როცა გავიგე აქ უნდა ჩამოვსულიყავი, დავიწყე ქართულის სწავლა. როგორც კი ჩამოვედი, დავიწყე კერძოდ მეცადინეობა.

 

 

გაცნობითი ხასითის შეხვედრების შემდეგ, რასაც თქვენ ამ დღეებში მართავდით, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები, რამ მიიქცია თქვენი ყურადღება?

 

 

ჩვენი პორთფელი მოიცავს თითქმის ყველა სფეროს. აქედან გამომდინარე მე ვხვდები როგორც პოლიტიკოსებსა და საქმიან წრეებს, ბიზნესმენებს, ასევე კულტურის მოღვაწეებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს. შეხვედრების შემდეგ გამოიკვეთა თანამშრომლობის სფეროები, მომავალი წლიდან ვაპირებ უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

საკონსულოს მოვალეობაა ჩვენი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, უნდა დავიცვათ საკონსულო ოლქში შემავალ ტერიტოროებზე დასაქმებული ან იქ მყოფი ადამიანები. ამასთან ორ ქვეყანას შორის კულტურის, ეკონომიკის, სოციალურ სფეროებში, ჩვენი წვლილის შეტანას შევეცდებით.

 

 

რა წვლილზე საუბრობთ, რაიმე კონკრეტული პროექტები გაქვთ?

 

 

ახლო მომავალში ვგეგმავთ მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტურის მოწყობას. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ანკარის ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტის;  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სტამბულის ბოაზიჩის უნივერსიტეტის; ასევე საზღვაო აკადემიასა და რიზეს საზღვაო სასწავლებელს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ვგეგმავთ მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრებისათვის ვიზიტის მოწყობას თურქეთში. ვიმუშავებთ ასევე სასაზღვრო მიმოსვლის პროცედურის გამარტივებისთვის, რომ თურქეთიდან უფრო მეტი ტურისტისა და ინვესტორის მოზიდვა მოხერხდეს. მოვაწყობთ ქართველი და თურქი მხატვრების გამოფენებს…

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გთხოვათ ყურადღება მიგექციათ სარფის საბაჟოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე. თუ გაქვთ უკვე ინფორმაცია, რა სახის პრობლემებზე იყო საუბარი?

 

 

ფიზიკური პრობლემებია, განსაკუთრებით ჩვენს მხარეს. ერთ მხარეს მთაა, მეორე მხარეს – ზღვა. ტერიტორია ვიწროა და უნდა გაფართოვდეს. საქართველოსა და თურქეთის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელობამ გასულ კვირას ანტალიაში გამართეს შეხვედრა, ამ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილებები არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, ახლო მომავალში იქ არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

 

 

ალტერნატიულ გადასასვლელზეც მინდა გკითხოთ, წლებია ამაზე არის საუბარი, თუმცა რეალურად არაფერი გაკეთებულა. მითია თუ აქვს რამე პერსპექტივა ამ პროექტს?

 

 

ორივე მხარეს სურს, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ტექნიკური სამუშაო გრძელდება, მაგრამ მხოლოდ შენობა-ნაგებობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გაიხსნას გამსვლელი პუნქტი, იქ ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო, რაც დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან.

 

 

გქონდათ თუ არა თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრა, რომლებმაც ბათუმში დიდი ინვესტიცია განახორციელეს. რას ამბობენ ისინი, არის ბათუმში ხელსაყრელი საინვესტიციო პირობები?

 

 

უმრავლესობას ახალ სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. მათი შეფასებით ბოლო პერიოდში ეკონომიკური აქტივობა ცოტა შენელებულია. მათ აქვთ სურვილი, რომ გაიზარდოს ინვესტიცია.

 

 

მე ვიცი რამდენიმე ბიზნესმენი, რომლებმაც თქვეს, რომ ეცდებიან თურქეთის პრეზიდენტის დახმარებით დაუკავშირდნენ საქართველოს პრემიერს და მიაწვდინონ მთავრობის ზეწოლის შესახებ ინფორმაცია. თქვენამდე მოვიდა მსგავსი ინფორმაცია?

 

 

თუკი არსებობს რაიმე პრობლემა, ჩვენი საელჩო აუცილებლად ერთვება ამაში _ ვხვდებით კოლეგებს. ჩვენ საქართველოსთან გაგვაჩნია კეთილმეზობლური ურთიერთობა, ჩვენ შორის მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს.

 

 

ბათუმში ოჯახთან ერთად ჩამოხვედით?

 

 

დიახ, მეუღლესთან ერთად. ჩვენი პროფესია, ასე ვთქვათ, ოჯახური პროფესიაა, ჩემთან ერთად მუშაობს ჩემი მეუღლე. მას დამთავრებული აქვს ხელოვნების ფაკულტეტი, ხელოვნების მასწავლებელია. ის კულტურულ სფეროებზე მუშაობისას მეხმარება. ორივეს ძალიან მოგვეწონა და უკვე შეგვიყვარდა ბათუმი. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ცხოვრებაში აქ გატარებული წლები იქნება ბედნიერი.

 

 

და ბოლოს, თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის განცხადებაზეც მინდა გკითხოთ, საქართველოში დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი იმაზე, რომ მან თითქოს ასეთი რამ თქვა: `მეუბნებოდნენ, რომ ქართველი ვარ, მეტიც, ერთმა ადამიანმა კიდევ უფრო სიბინძურე თქვა, რომ მე სომეხი ვარ~. მართლა გააკეთა მან მსგავსი განცხადება?

 

 

ეს ნამდვილად იყო თარგმანის პრობლემა ანუ გაუგებრობა მოხდა. ის არის რიზედან, ამიტომ მან ამ რეგიონის გეოგრაფია ძალიან კარგად იცის. მას არ უთქვამს ისეთი რამ, რაც გულისხმობდა შეურაცხყოფას.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე