სიახლეები

პოლიციელი, რომელიც ადამიანებს ფარულად უთვალთვალებს

15.10.2014 •
პოლიციელი, რომელიც ადამიანებს ფარულად უთვალთვალებს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

 

პოლიციის კაპიტანმა თქვა, რომ ბრალდებული ო. ძ. აწყობდა ქურდულ გარჩევებს და შემჩნეული იყო დანაშაულის ჩადენაში. კიდევ ორ დაკავებულზე თქვა, რომ მათი ზედმეტი სახელებია- „ხოჯა“ და „ბოლია“ და ისინი ქურდული მენტალობით, გავლენით სარგებლობენ. „ახალგაზრდები მათ ჭკუას ეკითხებიან“. მ.თ-ს. შესახებ თქვა, რომ ქურდული სამყაროს წევრი, „ძველი ბიჭია“. გ. თ-ს შესახებ მარტო ის თქვა, რომ იგი ნასამართლევია.

 

დავით ხოზრევანიძე

ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ მოწმე პოლიციელს ჰკითხა, რა მტკიცებულებების საფუძველზე ამბობს ის ადამიანებზე, რომ ქურდი და გამომძალველია. რაზეც პოლიციელმა უპასუხა: `შესწავლილი გვაქვს. პრაქტიკაზე და გამოცდილებაზე დაყრდობით ვიცი, რომ ეს ასეა“.

 

ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ დავით ხოზრევანიძემ ის დააკავა ბათუმში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში და სცემა. „ამ პოლიციელმა დამაკავა, მცემა და მაგინა“, _ თქვა ბრალდებულმა. პოლიციელმა ეს ფაქტი უარყო. ბრალდებული დეტალების შეხსენებას ცდილობდა, დარბაზში მხსდომები ახმაურდნენ. მოსამართლემ ორი მოქალაქე სასამართლოდან გააძევა და მანდატურს უბრძანა, ისინი არც მომდევნო პროცესზე არ შეუშვან დარბაზში.

 

„თქვენ იცით რას ნიშნავს ქურდული გარჩევის არსი?“, – ეს კიდევ ერთი ბრალდებულის კითხვა იყო მოწმის მისამართით დასმული. მოწმე პოლიციელმა დაახლოებით ასეთი განმარტება გააკეთა: `კი, ეს არის კრიმინალური გარჩევა, დაუწერელი კანონის წესებით. კანონიერი ქურდის ინსტიტუტი შეიქმნა გასულ საუკუნეში და ეს არის კონტროლი კრიმინალურ საქციელზე, ქურდები ფულს სძალავენ ხალხს“.

 

„თქვენ ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული მუშაკი, მე მეცოდება ჩემი ქვეყანა თქვენნაირების ხელში, თუ შეგიძლია დაასახელე, რა საქმეები გამირჩევია, სად ან ვის გამოვძალე ფული და ამ ყველაფერს თუ ხედავდი, რატომ არ მაკავებდი? თუ იცი, რომ მე ხალხს ფულს ვძალავდი და ქურდულ გარჩევებს ვაწყობდი, ერთი ვიდეო რატომ არ გადაიღეთ?“ – პატიმრის ამ კითხვას ჯერ პროკურორ შოთა ხორავას პროტესტი მოჰყვა, მერე დარბაზში მყოფი ადამიანების ხმაური და ბოლოს მოწმემ თქვა, რომ ამ კითხვას ვერ უპასუხებდა, რადგან „საიდუმლოა“.

 

ქურდების საქმეზე სასამართლოში სამი სახელმწიფო ბრალმდებელი გამოდის: საქმეს პროკურორები – შოთა ხორავა, რამაზ შანიძე და ლევან მურვანიძე იძიებენ. ამ სასამართლო სხდომას მხოლოდ შოთა ხორავა ესწრებოდა.

 

პროკურორი შოთა ხორავა

 

კანონიერი ქურდობისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებული ხუთივე პატიმარი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით თამაზაშვილმა ის სცემა. კიდევ ერთი პატიმარი შიმშილობს, ერთმაც მუცელი სამართებლით დაისერა იმის გამო, რომ, როგორც თვითონ ამბობს, მის საქმეს უსამართლოდ იძიებენ. საქმეში ორი დაზარალებულია, რომლებიც პროკურორების მოთხოვნით დახურულ სასამართლო პროცესზე დაკითხეს.

გადაბეჭდვის წესი