სიახლეები

მზადება მანდარინის სეზონისთვის

15.10.2014 • 1845
მზადება მანდარინის სეზონისთვის

ბატონო ავთანდილ, გასულ წელს გლეხებმა მანდარინისთვის გათვალისწინებული სუბსიდია ვერ აითვისეს. წელს როგორ ემზადებით სეზონისთვის, რა შეიცვლება?

შარშანდელი პრობლემების გათვალისწინებით მომზადებულია განკარგულების პროექტი, რომელიც გადაგზავნილია საქართველოს მთავრობაში. ჩვენ განვიხილეთ საბაჟოსთან, შემოსავლებთან, სტანდარტული მანდარინის სუბსიდირებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ ყველაფრის გადაწყვეტაში თუ არ ჩაერია ცენტრალური ხელისუფლება, მხოლოდ ჩვენ ვერაფერს შევცვლით. მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც მოსახლეობამ სუბსიდია ვერ მიიღო, იყო ის, რომ ექსპორტის შესახებ დოკუმენტები არ იყო შესაბამისად აღრიცხული _ არ იყო აღრიცხული რეალური ოდენობა, რაც ექსპორტზე გავიდა. მაგალითად, უკრაინაში გადიოდა მანქანა 30-35-ტონიანი საქონლით და დეკლარაციაში ფორმდებოდა 20 ტონა, რადგან მეტის დატვირთვა არ შეიძლებოდა. ამან გამოიწვია ის, რომ ვისი პროდუქტიც დაურეგისტრირებელ წონაში მოხდა, დაფინანსება ვერ მიიღეს. ჩვენ გვაქვს მოსაზრებები ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი ფიქრი პრობლემას ვერ აგვარებს, სხვამ უნდა მიიღოს განკარგულება და ამიტომ, შეთანხმებულად ვმუშაობთ. ვფიქრობთ, ერთსა და იმავე მანქანაზე გაკეთდეს ორი დეკლარაცია, ვთქვათ, ერთი 20-ტონიანი და მეორე – 35-ტონიანი.

ასეთი გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში როგორ მოექცევა?

ზუსტად ამის გამოა, რომ განკარგულების მიღებაა საჭირო, როგორც იყო მაგალითად ყურძენზე. იმ შემთხვევაში ეძლეოდა შემსყიდველს სუბსიდირება 35 თეთრი, თუ კილოგრამ რქაწითელზე გადაიხდიდა ერთ ლარს. ასევე იქნება მანდარინზეც: თუ შემსყიდველი გადაიხდის 40 თეთრს, მას დაემატება 15 თეთრი, ანუ მყიდველს გამოუვა 55 თეთრი.

ახლა მიმდინარეობს შემოსავლების სამსახურთან და საბაჟოსთან მოლაპარაკება, რომ ეს განხორციელდეს. ისინი სწავლობენ ამ საკითხს, რადგან ასეთი გამოცდილება არ ჰქონდათ. ეს უნდა მოგვარდეს პირველი ნოემბრისთვის მაინც.

როგორც ვიცით, გლეხებმა სუბსიდია ვერ მიიღეს დოკუმენტის არ ქონის გამო, ამ პრობლემას ასახელებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროც. წელს რას აკეთებს სამინისტრო იმისთვის, რომ ეს საკითხი  დღის წესრიგში აღარ დადგეს?

ამის მოგვარებას შევძლებთ მხოლოდ პრესის დახმარებით. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მოსახლეობა თუ არ იაქტიურებს და თავის საქმეს თავად არ მიხედავს, ძალიან რთული იქნება. დოკუმენტების წარმოება აუცილებელია _ ვისაც აბარებს გლეხი მანდარინს, უნდა ჩაიწეროს მისი სახელი, გვარი და მანქანის ნომერი. რა პრობლემაა ამის გაკეთება? _ შარშან ვიყენებდით ჩვეულებრივ შესყიდვის აქტს. წელს ჩვენ გავაკეთეთ შესყიდვის აქტის ფორმა. ეს იქნება სამგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც დანომრილი იქნება რაიონების მიხედვით. დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს გამყიდველის, ასვე მყიდველის სახელი და გვარი. დოკუმენტს დაამოწმებს გამგებლის წარმომადგენელი. საბაჟო სამსახურები ამ აქტის გარეშე საქონელს არ გაატარებენ, ჩვენთან კი თავს მოიყრის საბაჟოდან გადმოგზავნილი ინფორმაცია, თუ რა ოდენობის ტვირთი გავიდა. სხვანაირად აღრიცხვა ვერ მოხერხდება.

გასულ წელს ბევრი გლეხი ამბობდა, რომ დოკუმენტი არ ჰქონდა, რადგან შემსყიდველმა არ გასცა

ახლა მყიდველი იქნება დაინტერესებული, რომ გასცეს დოკუმენტი, რადგან ამ შემთხვევაში მას შეძენილი პროდუქტი 15 თეთრით გაუიაფდება. 40 თეთრი უნდა იყოს მინიმალური ფასი და სახელმწიფოც 15 თეთრს დაუმატებს. თუ ამ დოკუმენტს არ გასცემს შემსყიდველი, მაშინ თავად გადაუხდის გლეხს 15 თეთრით მეტს. რატომ არ უნდა გასცეს გამყიდველმა დოკუმენტი, ამის გაგება ჩემთვის რთულია _ გადასახადებისგან გათავისუფლებულია. სახელმწიფო ორივე მხარეს ეხმარება _ გამყიდველსაც და შემსყიდველსაც. ვფიქრობთ, სტანდარტულზე იქნება სუბსიდირება 15 თეთრი. მანდარინის ფასი მსოფლიო ბაზარზე არ არის იმდენად მაღალი, რომ სუბსიდირების გარეშე კონკურენციას გაუძლოს. ახლაც, სანამ ჩვენ მანდარინის მოკრეფას დავიწყებთ, მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურქეთიდან 90 თეთრად შემოაქვთ მანდარინი, ადგილობრივი კი 1 ლარი ღირს.

დღეს მივიღე საბაჟო სამსახურიდან ინფორმაცია, რომ ათასი ტონა მანდარინის შემოტანაზე აქვს აზერბაიჯანს განაცხადი გაკეთებული, იყიდა ტრაპიზონში, გაიარა საქართველოზე ტრანზიტი… არ გვაქვს უფლება არ გავატაროთ.

წელს აქცენტები უკრაინის ბაზარზე გაკეთდება?

მანდარინი უკრაინის ბაზარზე წელსაც შევა. ცოტა ხნის წინ უკრაინიდან დელეგაცია გვყავდა და გარდა აღმოსავლეთ უკრაინისა, ყველგან ჩვეულებრივად მიდის ცხოვრება. მე თვითონ ვიყავი უკრაინაში, როცა იქ ომი იყო. დნეპროპეტროვსკის ოლქში არაფერი იგრნობოდა და იქედან 10 კილომეტრში ომი იყო. გასულ წელს 12 ათასი ტონა გავიტანეთ კავკასიის ქვეყნებში, რაც ჩვენთვის ცოტა არ არის. გარდა ამისა, 14 ათასი ტონა რუსეთის ბაზარზეც გავიტანეთ. წელს უფრო ადრე დავიწყეთ თანამშრომლობა ამ კუთხით. რუსეთს მთელი ევროპისთვის აქვს დაკეტილი ბაზარი. ამიტომ ერთადერთი მიმწოდებელი ვიქნებით ჩვენ და თურქეთი. რუსულ ბაზარზე ჩვენი მანდარინი უფრო იაფი იქნება, ვიდრე თურქეთის.

წელს 70-75 ათას ტონა მანდარინს ველოდებით, არასტანდარტულის ჩათვლით.  გასულ წელს არასტანდარტულზე მუშაობდა ერთი გადამამუშავებელი ქარხანა ქობულეთში, წელს იმავე წარმადობის მეორე გადამამუშავებელი დაემატა. სამომავლოდ მსგავსი ქარხნის გახსნა ხელვაჩაურში სოფელ ახალსოფელშიც იგეგმება. გასული წელი უხმოსავლიანი იყო და ქობულეთმა მიიღო 13 ათასი ტონა არასტანდარტული. წელს ათზე მეტი არ იქნება არასტანდარტული.

ცვლილებები იქნება იმ კუთხითაც, რომ ექსპორტიორი დოკუმენტების მოსაწესრიგებლად ბათუმში აღარ ივლის – ქობულეთში იმუშავებს მეორე ჯგუფი, რომელიც გასცემს წარმოშობისა და ფიტოსანიტარულ შემოწმებაზე სერტიფიკატს.

სუბსიდირებისთვის წელს ბიუჯეტი რამდენი იქნება?

ერთი მილიონი იქნება არასტანდარტულზე, რაც ნიშნავს, რომ 10 ათასი ტონა იქნება დაფინანსებული. ერთი კილოგრამის ღირებულება 10 თეთრია. წელს ნაკლებია მოსავალი და ხარისხია უკეთესი, ამიტომ მეტი არც იქნება საჭირო.

გადაბეჭდვის წესი