სიახლეები

ერთი დღე იუსტიციის სახლის თანამშრომლად

09.10.2014 • 1973
ერთი დღე იუსტიციის სახლის თანამშრომლად

 

დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროექტში აჭარის რეგიონში მცხოვრები 29 მოსწავლე მონაწილეობდა. ბათუმში პროექტის დასრულება მოსწავლეებს მიულოცა და მათ სერტიფიკატები გადასცა იუსტიციის სახლის ფილიალების სამსახურის უფროსმა მაკა კურტანიძემ.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლის ქეთევან მჭედლიშვილის განმარტებით, პროექტში ჩართულნი იყვნენ 14-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები. მისივე თქმით, პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში მოხალისეობრივი უნარ-ჩვევების განვითარება:

„ბავშვებმა მოინდომეს და დადგეს ფლეშმობი იუსტიციის სახლში. პროექტის მიზანია, მოხალისეობრივი უნარ-ჩვევების განვითარება და ზოგადად, ახალგაზრდებში ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება. ეს კი გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებაში. სკოლის შემდეგ მათ ჰქონდეთ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის საშუალება“, – აღნიშნა ქეთევან მჭედლიშვილმა.

ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერის თამარ სამსონიას თქმით, აღნიშნული პროექტი  მნიშვნელოვანია, რადგან ახალი თაობა ეცნობა იუსტიციის სახლის მუშაობის პროცესს:

„ეს პროექტი მნიშვნელოვანია. ახალი თაობა ჩართული იყო მოქალაქეთა მომსახურების პროცესში. პირადობის მოწმობის აქციაზე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ჩვენი მუშაობის დეტალებსაც. მოქალაქეებს ეხმარებოდნენ ფოტოების გადაღების პროცესში,“ – აღნიშნა თამარ სამსონიამ.

პროექტი „ერთი დღე იუსტიციის სახლის თანამშრომლად“ 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე საქართველოს სამ ქალაქში -თბილისში, ბათუმსა და მარნეულში მიმდინარეობდა. მასში სულ ჩართული იყო 14-დან 18 წლამდე ასაკის 200-მდე მოსწავლე. ახალგაზრდები იუსტიციის სახლის თამაშრომლებს მოქალაქეთა ნაკადის მართვაში ეხმარებოდნენ. დანაშაულის პრევენციის ცენტრმა, აღნიშნული პროექტი იუსტიციის სახლში პირადობის ახალი მოწმობების გაცემის აქციას დაამთხვია და სკოლის მოსწავლეებს საშუალება მისცა მოქალაქეთა მომსახურების პროცესში მოხალისედ ჩართულიყვნენ.

20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული იყო აქცია, რომლის ფარგლებშიც მსურველებს ახალი პირადობის მოწმობების აღება  34 ლარის ნაცვლად, 15 ლარად შეეძლოთ. აქციით „შეცვალე ძველი ახლით“ ქვეყნის მასშტაბით სულ 130 369 მოქალაქემ ისარგებლა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი