ბათუმში 40-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობით ახალი ბრენდი „Swiss Belhotel International“-ი შემოდის. პროექტის ფარგლებში ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას შპს „Adog Georgia“ უზრუნველყოფს. ეს ის კომპანიაა, რომელსაც 2011 წელს ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, 1621 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, ამ ადგილზე სასტუმრო კომპლექსის „კუბთაუერის“ მშენებლობის სანაცვლოდ გადასცეს. კომპანიას პირობა ამ დრომდე არ შეუსრულებია.
შპს „Adog Georgia“, რომელიც ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქემ მუსა სულეიმანოვმა 2010 წელს დაარეგისტრირა. კომპანიას მიხეილ ძოძუაშვილი ხელმძღვანელობს.
„Adog Georgia“-ს სატუმრო კომპლექსის აშენებასთან დაკავშირებით შეთანხმება აჭარის მთავრობასთან 2011 წელსაც ჰქონდა. მაშინდელი შეთანხმების პირობებით კომპანიას 22-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „კუბთაუერი“ ბათუმში 40 თვეში უნდა აეშენებინა. სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი მინიმუმ 100 ადამიანი უნდა დაესაქმებინათ. კომპანიამ სახელმწიფოსთან დადებული პირობა ვერ შეასრულა. მშენებლობა დაიწყო, თუმცა ის დღემდე შეჩერებულია.
„Adog Georgia“ ბათუმში ამჯერადაც სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ეს არის იგივე პროექტი კუბიკ თაუერი, რომელიც ამ დრომდე შეჩერებული იყო“. სამინისტრომ კომპანიას შეთანხმების ვადა გაუგრძელა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობა ოქტომბრის შუა რიცხვებში განახლდება და ორ წელში დასრულდება. სასტუმრო 4-ვარსკვლავიანი იქნება. ინვესტორი რეგიონში 40 მილიონი დოლარის ინვესტიციიის განხორციელების პირობას იძლევა.
„Swiss Belhotel International“-ი კი, რომელმაც კომპანიას მშენებლობა დაუკვეთა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში ფუნქციონირებს, მათ შორის: ჩინეთში, ავსტრალიაში, ჰონგ კონგში, ახალ ზელანდიაში, ინდონეზიაში, ტაილანდში. ბრენდი მთელს მსოფლიოში 125 სასტუმროს მფლობელია.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან საუბარში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელმა ბათუმში ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობაზე დაინტერესება გამოხატა.
კომპანია უახლოეს პერიოდში რეგიონის ბაზრის შესწავლას დაიწყებს, რის შემდეგადაც კონკრეტული წინადადებით უკვე რეგიონის მთავრობასთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.
„Paramount Hotels & Resorts“-ი შუა აღმოსავლეთში ტურისტების ყველაზე მსხვილი გადამყვანია. წელიწადში მათ მიერ გადაყვანილი ტურისტების რაოდენობა 4 მილიონს აღწევს. კომპანიის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მათთვის საქართველო თავისი ადგილმდებარეობით, ტურისტული პოტენციალითა და ბუნებით ძალიან საინტერესოა. მათი თქმით, საქართველოთი დაინტერესება სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა.