„მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ იმსჯელა და მოიწონა დასახლებისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭების მიზნით შემოსული 28 შუამდგომლობა, რომელიც საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. სხდომის მონაწილეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახლის ხეობის 9 სოფლისთვის სტატუსის მინიჭების შუამდგომლობას“ – ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მაჭახლის ხეობის სოფლების მოსახლეობამ სოფლებისთვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს სხდომა დღეს, 19 ივნისს გაიმართა: „მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატება და მომავალი წლიდან შესაბამისი სოციალური შეღავათებით კიდევ 7000-მდე მოსახლე ისარგებლებს“.

დღეის მდგომარეობით საქართველოს 3700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1678 დასახლებას, დაახლოებით 45%-ს.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ასევე ენიჭებათ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში შემავალ დასახლებებს მათი ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიუხედავად.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

462_61335_581252_BESO2180

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მქონე მოქალაქეები, საქართველოს კანონმდებლობით, გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ, მათ შორის მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის დროს.

აჭარაში მაღალმთიანი დასახლებებია: ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტები [დაბებისა და ყველა სოფლის ჩათვლით], ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო. ამ ჩამონათვალს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კიდევ 9 სოფელი [მაჭახლის ხეობიდან: ქედქედი, სინდიეთი, აჭარისაღმართი, სკურდიდი, ცხემლარა, ჩიქუნეთი, ქოქოლეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ზედა ჩხუტუნეთი] დაემატება.

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version