სიახლეები

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ბანაკი სოფლად მცხოვრები ლიდერი ქალებისთვის

03.09.2014 • 1671
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ბანაკი სოფლად მცხოვრები ლიდერი ქალებისთვის

 

ტრენინგების მიზანი სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება და გააქტიურებაა.  ტრენინგში მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის რეგიონებისა და გალის რაიონის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს რაც მათ თემში არსებობს.  პროექტის ფარგლებში მათი გადაჭრის გზებიც დასახეს. ქალებმა ასევე ისაუბრეს ოჯახში ძალადობის შემთხვევებსა და ქალთა მკვლელობებზე, რაც დღემდე მწვავე საკითხად რჩება.   

 

 

წყალი, გაზი, გზა, საბავშვო ბაღები  – ეს იმ ძირითად პრობლემათა მოკლე ჩამონათვალია, რაც სხვადასხვა სამიზნე რეგიონში მცხოვრებ ქალებს აწუხებთ. პროექტის მონაწილე ქალები კარგად აცნობიერებენ, რომ პრობლემების გადაჭრის გზა ერთობლივ ადვოკატირებაზე, ერთმანეთთან მუდმივ კომუნიკაციასა და თანამშრომლობაზე გადის.

 

„ტრენინგზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება მეხმარება იმაში, რომ გავხდე უფრო ღია და აქტიური. იმ ინფორმაციას, რაც მივიღე ამ დღეების მანძილზე აუცილებლად გავუზიარებ ჩემი გუნდის წევრებს,“ – ამბობს ია გოგოლაძე, ყვარლის რაიონის თვითდახმარების ჯგუფის წევრი.

 

„ამ ტრენინგის მეშვეობით ვცდილობთ, მოვამზადოთ და გავაძლიეროთ სოფლად მცხოვრები ქალები ისე, რომ ისინი პასიურიდან აქტიურ მოქალაქეებად იქცნენ. მათი დამოკიდებულება თანდათან იცვლება. ვხედავთ მზადყოფნას, რომ ტრენინგების მონაწილეებმა ცვლილებები მოახდინონ თავიანთ თემში. პროექტის ფარგლებში მათი ეკონომიკური გაძლიერების იმედიც გვაქვს. იმედია, პროექტის დასასრულს, ამ ქალების ნაწილს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიმღებ დონეზეც ვიხილავთ,“ – ამბობს „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი ელენე რუსეცკაია.

 

საზაფხულო სამშვიდობო ბანაკი 29 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით იმართება. ამ პერიოდის მანძილზე მონაწილეები აიმაღლებენ გენდერულ მგრძნობელობას, შეიძენენ ლიდერი ქალისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებს და ცოდნას, გაეცნობიან ქალთა უფლებების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო დოკუმენტების ძირითად პრინციპებს და მათი გამოყენების შესაძლებლობებს. აღნიშნულ დოკუმენტებს შორისაა კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრის შესახებ და რეზოლუცია 1325 ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.

 

ტრენინგების სერია საზაფხულო სამშვიდობო ბანაკში იმ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის იმართება, ვინც პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში შერჩეული სამიზნე რეგიონების თვითდახმარების ჯგუფების წარმომადგენლები და სათემო მუშაკები არიან. პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს _ USAID-ის მხარდაჭერით, ფონდ „ტასოსთან“, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტსა და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაციასთან პარტნიორობით, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის და გალის მასშტაბით. პროექტის მიზანია სამიზნე რეგიონებში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება თემის მობილიზების გზით და ადგილობრივი საჭიროების კვლევის საფუძველზე.

 

გადაბეჭდვის წესი