მთავარი,სიახლეები

რეპერების მხარდასაჭერად აქცია ბათუმში 7 საათზე გაიმართება

10.06.2017
რეპერების მხარდასაჭერად აქცია ბათუმში 7 საათზე გაიმართება

პროექტ „ბირჟა მაფიის“ რეპერების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართება. აქცია 7 საათზე დაიწყება. ამავე დროს საპროტესტო მსვლელობისთვის თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან აქციის მონაწილეები. აქციაზე რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, ასევე ცენზურის დაწესების მცდელობას გააპროტესტებენ. რეპერები დაკავების მიზეზად იმ ვიდეოკლიპს ასახელებენ, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს.

„არ გვაქვს უფლება, ჩუმად ვიყოთ,“ – მიიჩნევს ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი მალხაზ ჭკადუა. იგი დღეს საღამოს ბათუმში, ევროპის მოედანზე დაკავებული რეპერების მხარდასაჭერ აქციაზე მიდის.

„ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები ვაპროტესტებთ ძალადობას, რეპრესიულ პოლიტიკას. ძალიან დიდი ეჭვები გააჩინა ამ დაკავებამ ცენზურაზე. თუ ადამიანებს აუყკრძალეს პროტესტის გამოხატვა, ცხადია, ეს კატასტროფაა. პოლიციამ კითხვები უნდა გასცეს დაკავების ფაქტზეც, როცა ადამიანებს ხელები გადაუგრიხეს და დაკავების შემდეგ განუმარტეს უფლებები. გამოსავალი არის ის, რომ არ უნდა გავჩერდეთ,“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

პროექტ“ბირჟა მაფიის” წევრ რეპერებს მიშკა მგალობლიშვილს (Young MIC) და გიორგი ქებურიას (Kay – G) აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, 9 ივნისს შეუფარდა. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალები „მდმა“-ს შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Youtube-ში ItsYoungMic-ის არხზე განთავსებული ვიდეო 4 ივნისსაა ატვირთული და მასში ერთ-ერთი პერსონაჟი დაბლარულია. როგორც “ნეტგაზეთს” ერთ-ერთი დაკავებულის ცოლმა უთხრა, ვიდეოს გადაღებაში რეპერებს ფინანსურად “აჭარანეთი” დაეხმარა. ვიდეოს ინტერნეტში განთავსების შემდეგ მგალობლიშვილს “აჭარანეთიდან” დაურეკეს და უთხრეს, რომ შესაძლოა, ვინმეს კლიპის გამო პრობლემები შექმნოდა. ამის შემდეგ, მგალობლიშვილის ცოლის თქმით, რეპერმა ვიდეო წაშალა და ხელახლა ატვირთა, პოლიციელის ფორმაში გამოწყობილი პერსონაჟი კი დაბლარა. ინტერნეტში იძებნება ვიდეოს ძველი ვერსია, სადაც ჩანს, რომ დაბლარული პერსონაჟი პოლიციელია.

 

 

 

repeerebi 2

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.