სიახლეები

არ დაყარო ნაგავი

13.08.2014 • 5865
არ დაყარო ნაგავი

კვარიათი

ბათუმის ბულვარი დანაგვიანების გამო გაზრდილი ჯარიმების სტატისტიკის პარალელურად სოციალური კლიპითაც აპირებს საზოგადოების გაფრთხილებას. გიორგი ზირაქაშვილი, ბათუმის ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ რეკლამის აჭარის ტელევიზიის ეთერში გაშვებას გეგმავენ. იგი იმედოვნებს, რომ ვიდეორგოლი იმუშავებს.

„ერთი მხარეა ჯარიმა და მეორეა ადამიანების შეგნება. ელემენტარულად, სკამზე ზის ადამიანი, გვერდით ურნა უდგას და ამ ურნაში კი არ აგდებს ნაგავს, იქვე ტოვებს, სკამზე ან ძირში ყრის. რა ჯარიმაც უნდა დაუწერო ადამიანს, მარტო ჯარიმით ამის გამოსწორება არ შეიძლება. ბულვარში სანდასუფთავება მუშაობს ინტენსიურად, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან, ვერ უმკლავდებიან.

კომპლექსური მუშაობაა საჭირო, მარტო სახელმწიფო ამას ვერ მოაგვარებს“, – ამბობს ის.

ჯარიმებს ეფექტურად მიიჩნევს ზვიად ელიზიანი, საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი: „ჩემი აზრით, ჯარიმები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც შეიძლება ერთგვარი პრევენციული ზომა აღმოჩნდეს. მთავარია, გარკვეული სისტემა იქნეს შემუშავებული, მისი რეალობაში გადატანის. თუ მაგალითად, ეს მკაცრად გაკონტროლდება და ვინც ყრის ნაგავს, დაჯარიმდება, მე ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ამას კარგი შედეგები ექნება. ღვედებზე რომ შემოიღეს ჯარიმები, ხომ იმუშავა?! იგივე ეფექტი ექნება ამასაც, მთავარია, ეს კარგად იყოს გაკონტროლებული და არ იყოს შერჩევითი მომენტი, რომ ვიღაცას გამოუწერეს ჯარიმა, ვიღაცას – არა“.

„არ წერენ ჯარიმებს. იგივე პატრულს, რომელმაც ჯარიმა უნდა გამოწეროს, მასაც არა აქვს საჭირო განათლება და იგი არ გამოწერს ჯარიმას. მისთვის რელევანტური არ არის, რომ 50 ლარი გამოწეროს ნაგვის დაყრისთვის,“ – ამბობს ირა ჭელიძე. იგი რამდენიმე წელია ზაფხულში აჭარაში, კვარიათში ისვენებს და ამბობს, რომ პლაჟის სისუფთავის მხრივ მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება. შარშან ირამ საპატრულო პოლიციაც კი გამოიძახა და ბათუმის მერიის დასუფთავების სამსახურსაც დაუკავშირდა, რადგან ზღვაში, ფაქტობრივად, ნაგვის ბუნკერი იყო ჩაცლილი. „იგივე ხდება წელსაც. ნაგავი, პამპერსი და ასეთი საშინელებები ყველგან მინახავს სანაპიროზე, როცა სეზონის პიკია. და ეს სიტუაცია მთელ საქართველოშია, ყველგან დანაგვიანებულია ტერიტორია. ბაზალეთის ტბაზე, მაგალითად, ხდება ეკოლოგიური კატასტროფა,“ – ამბობს ირა.

ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის უფროსის, დავით ასამბაძის თქმით, ამჟამად სანაპირო ზოლის დასუფთავებაზე 70–მდე ადამიანი მუშაობს, ქალაქს კი ზაფხულში დღეში სამ-ოთხჯერ ასუფთავებენ, მაშინ როცა ზამთარში ქალაქის დასუფთავება დღეში ორჯერ ხდება.

ბაზალეთი. ფოტოს წყარო: forum.ge

ბაზალეთი. ფოტოს წყარო: forum.ge

ნაგავი განსაკუთრებით თვალშისაცემი ტურისტულ ადგილებშია. ბოლო ორი კვირის მანძილზე სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა ჩარგალში „ვაჟაობის“ და ბეშუმში „შუამთობის“ შემდეგ გადაღებული ფოტოსურათები, რომელზეც სახალხო დღესასწაულებისას დანაგვიანებული ადგილებია გადაღებული. ამ თემაზე არაერთი მოსაზრება დაიწერა.

როგორ აგვარებენ პრობლემას ბეშუმში, რომელიც აჭარაში ყველაზე პოპულარული მთის კურორტია? „ბეშუმის“ დირექტორი ვაჟა ზოიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათთან ამ დროსთვის 20 დიდი და 20 შედარებით მომცრო, პლასტმასის ურნაა. მისი თქმით, ნაგავი კურორტიდან ბათუმიდან ასულ მანქანას გააქვს. მოსახლეობის მხრიდან კურორტის დანაგვიანებაზე ვაჟა ზოიძეც საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ დაჯარიმების შემთხვევა არ ყოფილა, რადგან მათ ამის კომპეტენცია არა აქვთ. „სიტყვიერად ვაფრთხილებთ, ალბათ აუცილებელია გამაფრთხილებელი აბრები, უნდა გაკეთდეს“, – ამბობს ის.

ქვათახევი. წყარო: ფეისბუქგვერდი სუფთა საქართველო

ქვათახევი. წყარო: ფეისბუქგვერდი სუფთა საქართველო

აქვს თუ არა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას, რომელიც ქვეყანაში ტურისტული პოლიტიკის მთავარი სტრატეგია, კონკრეტული გეგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად? ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსი თამარ ჯაკონია ამბობს, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ცდილობს ამ კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებას: „თუმცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ მხრივ არ არის პოლიტიკის მთავარი გამტარებელი ორგანო. ეს უნდა გააკეთონ სხვა ინსტიტუტებმა, რომელთა კომპეტენციაშიც შედის დასუფთავება. ჩვენ, ჩვენის მხრივ მაქსიმალურად ვცდილობთ რაღაც ზეგავლენა მოვახდინოთ. ამ მიმართულებით დასუფთავების აქციებს ვახორციელებთ, ვაწყობთ ყოველკვირეულ, ყოველთვიურ აქციებს, სპეციალურად არის გამოყოფილი შაბათი დღე, როცა ჩვენი თანამშრომლები და მოხალისეები იღებენ მონაწილეობას. თუმცა ასეთი ერთჯერადი აქციები არ არის საკმარისი პრობლემის აღმოსაფხვრელად. გარემოს დაცვასთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლაპარაკება და ისინი ყოველთვის გვეხმარებიან. არ ვერევით მათი სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის განსაზღვრაში, თუმცა ყოველთვის ვთანამშრომლობთ,“ – ამბობს თამარი.

„ერთჯერადი აქციები გამოსავალი არ არის“, ასე ფიქრობს ციალა ქათამიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელი დირექტორი. იგი ამბობს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა აუცილებელი. „აქტიურმა მოქალაქეებმა უნდა მოსთხოვონ შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს კონკრეტული უბნების დასუფთავება. შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ  გაკეთდეს ასეთი აქცია და ეს იქნება საჩვენებელი მაგალითი საზოგადოებისთვის, რომ ახალგაზრდები, ცნობადი სახეები მათ დაყრილ ნაგავს ასუფთავებენ, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების როლი არის ის, რომ ერთი – უნდა მოვთხოვოთ შესაბამის უწყებებს ამაზე ზრუნვა, რადგან ბიუჯეტის ფული იხარჯება ამაში და მეორე – საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენ ირგვლივ გარემოს, ქუჩის, ეზოს მოვლა არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობა“, – ამბობს ციალა.

სიონი

სიონი

საგანმანათლებლო კურსის აუცილებლობაზე საუბრობს ირა ჭელიძეც. „ეს უნდა იყოს აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო კურსი სკოლებში. მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა დავყაროთ ნაგავი, რომ ეს არაესთეტიკურია, არამედ იმიტომ, რომ ამას მოყვება დაავადებები. ბავშვს, რომელიც ზის ნაგავში, შეიძლება დაემართოს დიზენტერია, ეს არის ეპიდემიის კერა. სკოლიდან უნდა დავიწყოთ საუბარი, სხვაგვარად აზრი არა აქვს, ბავშვებმა უნდა ისწავლონ და მერე ბავშვები ასწავლიან მშობლებს, ჩვეულებრივ ასე ხდება ხოლმე“, – ამბობს ირა.

იგი ამბობს, რომ ეს პრობლემა პირდაპირ აისახება ტურიზმზე და მისგან მიღებულ შემოსავალზე, რადგან ნაგავი პლაჟზე, პარკში და ველურ ბუნებაში ტურისტს საქართველოში ხელახლა ჩამოსვლის სტიმულს უკარგავს. „გარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტურისტებისა, რადგან ძირითადად, იქაც იგივე მდგომარეობაა“, – ამბობს ირა.

ამ პრობლემას გარკვეულწილად საბჭოთა ცნობიერებას ციალა ქათამიძეც უკავშირებს: „სამწუხაროდ, საბჭოთა ცნობიერებამ დიდი დაღი დაასვა ქართულ საზოგადოებას. სახელმწიფო არ ითვლებოდა საკუთრებად, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ვიღაცას მათ ნაცვლად. ახლა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს უფლებები და მოვალეობები, როგორც მოქალაქეებს“.

გადაბეჭდვის წესი