დღეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ბათუმის მერობის კანდიდატის გიორგი ერმაკოვის საარჩევნო შტაბში მივიდა. შეხვედრას ამომრჩევლებთან გიორგი ერმაკოვი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეც ესწრებოდნენ.
ენერგეტიკის მინისტრმა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება.
„ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება თავისუფლად დააფიქსიროს თავისი აზრი. ჩვენ ერთად დავასრულეთ როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ ქვეყანაში. ჩვენ გვსაყვედურობენ რომ მაშინვე არ დავიწყეთ ნაციონალური მოძრაობის ჩამოშორება მმართველობიდან როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, მაგრამ ამის კანონიერი უფლება ჩვენ არ გვქონდა. ჩვენ ვერ მოვიქცეოდით ისე როგორც 2003 წელს მოიქცნენ ნაციონალები ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ. თუ გახსოვთ ფაქტობრივად ყველა გაყარეს სამსახურიდან, მიდიოდა რეპრესიები. ჩვენ თუ იგივეს გავაკეთებდით, იგივე გზით წავიდოდით, მაშინ არაფრით არ განვსხვავდებოდით ნაციონალური მოძრაობისაგან. ყველაფერს აქვს თავისი დრო და დღეს მთავარი ბერკეტი იმისა რომ ნაციონალური მოძრაობა ჩამოვაშოროთ მმართველობას არის თქვენს ხელში, ხალხის ხელში. ეს უნდა მოხდეს ცივილიზებული გზით, არჩევნების გზით, როგორც განვითარებულ ქვეყნებში ხდება,“ – განაცხადა კახი კალაძემ.
მისივე თქმით ბათუმის მოსახლეობა 12 ივლისს სწორ არჩევანს გააკეთებს.
„ეს იქნება ბათუმის მომავლისთვის მიცემული ხმა და ქართული ოცნების გამარჯვება,“ – თქვა კახი კალაძემ შეხვედრისას.