საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს: „დაიწყოს გამოძიება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის მხრიდან ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის მიმართ განხორციელებული სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე”. ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“მიმდინარე წლის 8 ივნისს ტელეარხ 25-ის ეთერში ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, გადაიცა ანანიძის საავტორო ფილმი, რომელიც შეეხებოდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა საქმიანობას. ჟურნალისტის განმარტებით, ფილმის დასრულებიდან რამდენიმე წუთში მას პირად მობილურზე დაუკავშირდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე, რომელიც ეთერში გასული ფილმის შინაარსის გამო ჟურნალისტს ემუქრებოდა.
სახალხო დამცველის მიმართვის პასუხად, მიმდინარე წლის 1 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძესა და მედეა ვასაძეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის და სხვა დამატებითი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც გამოძიება არ დაწყებულა.