ბათუმის ახალი მეჩეთი შენობის გარეშე – ასე წარადგინეს დღეს, 26 მაისს, გენერალ ა. აბაშიძის 49/3-ში ის ტერიტორია, სადაც მუსლიმები პარასკევობით ლოცვას აპირებენ.
„დღეს და შემდგომ დღეებში პარასკევის ლოცვა და მარხვის თვის (რამადანის) განმავლობაში თარავის ლოცვა აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიმართება და ოფიციალურად გამოცხადდება ამ ტერიტორიაზე მეჩეთის მშენებლობის დაწყება. … ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რელიგიის თავისუფლებასა და თანასწორუფლებიანობის დაცვას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა დღეს ტარიელ ნაკაიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარემ.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა ბათუმის მერიას 8 თებერვალს მიმართა, მერიამ უარის პასუხი ფონდს 5 მაისს წერილობით გაუგზავნა.
ბათუმში, გენერალ ა. აბაშიძის 49/3-ში, მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მერიამ უარი იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ეს ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია.




