სიახლეები

ჯაბა ანანიძე მედეა ვასაძეს პროკურატურაში უჩივის

09.06.2014
ჯაბა ანანიძე მედეა ვასაძეს პროკურატურაში უჩივის

 

„კმაყოფილი ხარ დღევანდელი ნამუშევრით? ყველა მაგ ფაქტს წაგიქცევ მე შენ ცოტახანში,“ – ასე იწყება დიალოგი ჟურნალისტსა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატს შორის. მედეა ვასაძის უკმაყოფილება იმ საგამოძიებო ფილმს მოჰყვა, რომელიც უმაღლესი საბჭოს საქმიანობას ეხებოდა და 8 ივნისს „ტვ 25“ ის ეთერში გავიდა. იმის გამო, რომ ჩანაწერი სხვადასხვა მოქალაქეის შესახებ პირად ინფორმაციას შეიცავს (ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გასცემს ჟურნალისტთან საუბარში) ჯაბა ანანიძემ მედიის წარმომადგენლებს მისი სრული ტირაჟირებისაგან თავის შეკავება სთხოვა.

 

ჩანაწერში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე საგამოძიებო ფილმში მოყვანილი ფაქტების განმარტებას ცდილობს. დეპუტატი ჟურნალისტთან საუბარში მოქალაქეთა პირად თხოვნებს ასაჯაროებს, ასევე ჟურნალისტს განუმარტავს თუ რატომ წაიღო აჯიკა საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტისას.

 

დასასრულს მედეა ვასაძე ჯაბა ანანიძეს ეუბნება, რომ მას პროკურატურაში დაიბარებენ და დაკითხავენ. დეპუტატი ჩანაწერში ჟურნალისტს უხსნის „თუ რა ხმები დადის ქალაქში მის შესახებ“.

 

„ეს არის ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით. ის ცდილობს ჩემს დაშანტაჟებას და დაშინებას. თუმცა ყველაზე მთავარი და ცუდი რამ, რაც ჩანაწერიდან ჩანს არის ის, რომ დეპუტატი არ ერიდება კონკრეტული მოქალაქის მიერ მოწერილი წერილის გასაჯაროებას. არ იცავს კონფიდენციალობას. მივმართავთ პროკურატურას და დღესვე შეგვაქვს შესაბამისი განცხადება, რომ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე. ასევე სახალხო დამცველსაც მივმართავ,“ – განაცხადა ჯაბა ანანიძემ.

 

“ბათუმელები” აღნიშნულ ფაქტზე კომენტარისთვის დაუკავშირდა  მედეა ვასაძეს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.