ბათუმის მერობის კანდიდატი, გოჩა გუგუნავა თავის მხარდამჭერზე ზეწოლის ფაქტს გამოეხმაურა, კერძოდ კი იმას, რომ მისი ერთ–ერთი აქტივისტის დედა, კომისიის წევრობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
ლეილა გოგიტიძე ამბობს, რომ ის სამი წლის განმავლობაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან, არჩევნებზე კომისიის წევრია და იმის გამო, რომ მისი შვილი გოჩა გუგუნავას მხარდამჭერია, ის კომისიის სიიდან ამოიღეს:
“ჩემი და ჩემი შვილის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო 30 მაისს ამომიღეს სიიდან. გავლილი მქონდა ყველა ტრენინგი და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მაქვს არჩევნებში კომისიის წევრობის.
ჩემს შვილს დაურეკეს და უთხრეს, რომ მოვხსნით დედაშენს იმის გამო, რომ შენ გუგუნავას მხარდამჭერი ხარო. სახელი და გვარების გახმაურება არ გვინდა თუ ვინ დარეკა, თორემ ისე „კოალიცია ქართული“ ოცნებიდან იყო ზარი. მას ასევე ემუქრებოდნენ დაჭერით”, – ამბობს ის.
გოჩა გუგუნავა თავის მხარდამჭერზე ზეწოლის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ამაზე აუცილებლად უნდა აგონ პასუხი “ქართული ოქნების” წარმომადგენლებმა – “დაუყოვნებლივ მოვითხოვ ამ ადმაიანის სამსახურში დაბრუნებას”, – ამბობს ბათუმის მერობის კანდიდატი.