დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატების გადაწყვეტილებით, გურამ ქობულაძეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება 31 მაისიდან, სისხლის სამართლის საქმის საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეუჩერდა.
დეპუტატის დაკავების გამო, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების საკითხის შეჩერებას, საკრებულოს 19 დეპუტატიდან დამსწრე ათმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ გურამ ქობულაძე ქრთამის აღების ბრალდებით 31 მაისს დააკავეს.
გურამ ქობულაძეს, ქედის საკრებულოში, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მოქმედი საკონკურსო-საატესტაციო და მიწისსაკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე ამბობს, რომ მოადგილის დანიშვნას არ აპირებს, გურამ ქობულაძის მოვალეობებს კომისიის მოადგილები შეასრულებენ.
„შვიდი დღის განმავლობაში სხდომის ჩატარების უფლება გვქონდა. დღეს კენჭი ვუყარეთ უფლებამოსილების შეჩერებას. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება კი დაკავების დღიდან შეუჩერდა, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, კანონის შესაბამისად, მას კომპენსაცია დაუბრუნდება.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, არ ვაპირებ მოადგილის დანიშვნას. აღნიშნული კომისიების თავმჯდომარის მოავალეობას, კომისიების მოადგილეები შესარულებენ“ – აცხადებს ბადრი დიასამიძე.