სიახლეები

ირაკლი ჭეიშვილი: „არ ვყოფილვარ არც კმარელი და არც გივი თარგამაძის მეგობარი“

04.06.2014 • 1411
ირაკლი ჭეიშვილი: „არ ვყოფილვარ არც კმარელი და არც გივი თარგამაძის მეგობარი“

 

ირაკლი ჭეიშვილი
ირაკლი ჭეიშვილი

„დღეს, ალბათ ბევრმა ნახეთ საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესკონფერენციის დროს „ქრონიკა +“-ის  ჟურნალისტმა თქვა, რომ ვარ გივი თარგამაძის მეგობარი და ყოფილი „კმარელი“. ვფიქრობდი გამოვხმაურებოდი თუ არა ამ ცილისწამებას, მაგრამ ეს მიზანმიმართული კამპანია დიდი ხანია გრძელდება და მე არც ერთხელ არ გამიცია პასუხი.

 

 

ახლა როცა არჩევნებამდე დარჩა რამდენიმე დღე და ვარ კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელი და სიის პირველი ნომერი, ჩემი დისკრედიტაცია ასევე ნიშნავს მთელი გუნდის დისკრედიტაციას და ვთვლი, რომ არ მაქვს უფლება არ გავცე პასუხი ასეთ ბრალდებებს.

 

 

ჟურნალისტმა სამწუხაროდ იცრუა და შეეცადა შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება. არასოდეს არ ვყოფილვარ არც „კმარელი“ და არც გივი თარგამაძის მეგობარი, უფრო მეტიც, მე მას საერთოდ არ ვიცნობ. ფოტო რომელიც დაიბეჭდა მედიაში, გადაღებულია 2006 წელს როცა მე ვმუშაობდი ბათუმის მერიაში და მასზე ასახულია შეხვედრა მოსახლეობასთან, რომელსაც ასევე ესწრება გივი თარგამაძე.

 

 

ამ დღის შემდეგ, ანუ 2006 წლის შემდეგ გივი თარგამაძე თვალითაც არასოდეს მინახავს. ჟურნალისტმა ასევე თქვა, რომ მაქვს “არც ისეთ მშვიდი წარსული”. არ ვიცი რა იგულისხმა, მაგრამ განმარტებას მაინც გავაკეთებ ჩემი წარსულის შესახებ.

 

 

2004 წელს, მიუხედავად ჩემი ასაკისა, აქტიურად ვიყავი ჩართული ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლაში და დღესაც ვთვლი, რომ ის რეჟიმი იყო ავტორიტარული და ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება იყო ჩემი კუთხის და ჩემი ქვეყნის მშვიდობისა და დემოკრატიისთვის მებრძოლა. 2005 წლიდან სხვადასხვა დროს ვმუშაობდი ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის აპარატში. მას შემდეგ რაც სააკაშვილის მართველობამ აშკარად არაადამიანური სახე მიიღო წავედი სამსახურიდან (საკუთარი განცხადების საფუძველზე) და მეგობრებთან ერთად აქტიურად ჩავერთე პოლიტიკურ პროცესებში. 2010 წელს ვიყავი პოლიტიკური გაერთიანება “ალიანსი საქართველოსთვის” აქტიური წევრი და თვითმართველობის არჩევნებზე ბათუმის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. საგაზეთო სტატიაში რომელიც „ქრონიკა +“ -მა გამოაქვეყნა და რომელზე დაყრდნობითაც დღეს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტი საუბრობდა, ასევე წერია, რომ თითქოს უბანში სადაც გავიზარდე კატასტროფულად დაბალი მაჩვენებლი მქონდა, სიმართლე კი არის შემდეგი:

 

 

2010 წლის არჩევნებზე ალიანსის მაჟორიტარებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი მქონდა და ამის გადამოწმება უმარტივესია. აჭარის მთავრობის აპარატიდან წასვლის შემდეგ (2008) გავიდა თითქმის ექვსი წელი და არც ერთი დღე არ ვყოფილვარ პასიური. ბატონ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი აქტივისტი ვიყავი და ვმონაწილეობდი ქართული ოცნების ყველა აქტივობაში და ეს ყველამ კარგად იცის. ეს იცის იმ ხალხმაც ვინც ეს სტატია შეუკვეთა და ვინც მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევა პირადად ჩემს წინააღმდეგ. გულწრფელად განვიცდი უხერხულობას იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწია პასუხის გაცემა მსგავს ცილისწამებაზე.

 

 

კიდევ ერთხელ საჯაროდ გამოვხატავ მადლიერებას იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა როგორც კოალიციის ლიდერმა. ეს ჩემთვის დიდი მორალური მხარდაჭერაა.“ – წერს ირაკლი ჭეიშვილი.

 

ირაკლი ჭეიშვილი აჭარის მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც მუშაობდა. მას ლევან ვარშალომიძის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. 

გადაბეჭდვის წესი