სიახლეები

მზადება გაყალბებისთვის თუ „აბსოლუტური ტყუილი“ – ნაცმოძრაობის ბრალდებას ოცნება პასუხობს

04.06.2014 •
მზადება გაყალბებისთვის თუ „აბსოლუტური ტყუილი“ – ნაცმოძრაობის ბრალდებას ოცნება პასუხობს

გიორგი კირთაძე
გიორგი კირთაძე

„ქართული ოცნება ატარებდა და ატარებს „კარდაკარს“, რომლის კითხვარის დასაწყისი არის საინტერესო. ისინი ადამიანებს  იმას კი არ ეკითხებიან, თქვენ ვის აძლევთ ხმასო – ისინი ეძებენ ადამანებს, ვინც ვერ მივა არჩევნებზე სხვადასხვა მიზეზების გამო. კითხულობენ, ვინ არის გარდაცვლილი, ვინ არის უცხოეთში, ვინ არის პატიმარი, ანუ ინტერესდებიან უშუალოდ იმ ადამიანებით, რომლებიც ვერ შეძლებენ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისვლას,“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებას შეეცდება.

გიორგი კირთაძის თქმით, ამაზე სხვა ფაქტიც მიუთითებს: „ქართული ოცნების შტაბი ატარებს უკანონო  ტრენინგ-სემინარებს საარჩევნო უბნების წევრებისთვის, რისი უფლებაც მათ არა აქვთ, რადგან მხოლოდ ოლქი არის ვალდებული ჩაატაროს შესაბამისი ტრენინგ-სემინარები. ისინი საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებსაც იბარებენ თავიანთ ოფისში, ასევე პუშკნის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „მაილოში“.

ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტია ეძებს იმ ადამიანებს, ვინც ვერ მივა არჩევნებზე, ამასობაში საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრებს, მათ შორის ოლქის მიერ არჩეულ წევრებს, მუდმივად იბარებენ არა მხოლოდ პარტიის ოფიში, არამედ სასტუმრო „მაილოში“.  მათ უტარდებათ შესაბამისი გადამზადება და ალბათ არჩევნების დღეს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცით, შეეცდებიან ბათუმში არჩევნები გააყალბონ. მინდა მოვუწოდო საოლქო საარჩევო კომიიის წევრებს, ასევე იმ ადამანებს, ვინც გეგმავს, რომ ბათუმში არჩევნები გააყალბოს, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას.

გიორგი კირთაძის თქმით, ისინი ამ ფაქტებზე აპირებენ შესაბამის ორგანოებს მიმართონ რეაგირებისათვის.

„ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ტყუილს უწოდებენ.

პაატა მგელაძე
პაატა მგელაძე

„როცა ისინი [ნაციონალური მოძრაობა] იყვნენ პოლიტიკაში, მხოლოდ იმ მიზნით ატარებდნენ გამოკითხვებს, რომ გაეყალბებინათ არჩევნები. ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები, ისევე, როგორიც იყო გასული არჩევნები. კითხვას რაც შეეხება, გვინდოდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოვლენა, ის ადამიანი, რომელსაც ვეკითხებოდით,  აძლევდა თუ არა იმ უბანზე ხმას. ეს იყო კარდაკარის პირველი ეტაპი, რომელიც 8-9 მაისს დასრულდა და ეს იყო საჭირო ზოგადი სურათის მიააღებად, თუ რა ხდება საარჩევნო უბნებზე. როგორც იცით საარჩევნო სიები ცუდ მდგომარეობაში, ძალიან ბევრი გარდაცვლილია,  არიან ადამიანები, რომლებიც ადგილზე არ ცხოვრობენ. ჩვენ ვეკითხებოდით, იყო თუ არა ადამიანი იმ უბნის ამომრჩეველი, მხოლოდ ამის კვლევა გვაინტერესებდა“ – განაცხადა პაატა მგელაძემ,  „ოცნების“ შტაბის კოორდინატორმა ბათუმში.  

მისი თქმით, მსგავსი კითხვარებით ახლა მოქალაქეებთან ქართული ოცნების აქტივისტები არ დადიან: „ჩვენები დადიან კანონის ჩარჩოში მოქცეული, სტანდარტულ გამოკითხვით, რომელსაც ყველა ნორმალური პოლიტიკური პარტია ატარებს. ახლა ვეკითხებით, მიდის თუ არა არჩევნებზე ამომრჩეველი და ვის უჭერს მხარს.“

რაც შეეხება ტრენინგ-სემინარების თემას, პაატა მგელაძის თქმით, მათ ტრენინგი მხოლოდ მათ წარმოადგენლებს ჩაუტარეს, რისი უფლებაც ჰქონდათ. „ჩვენ ოლქის არც ერთი წარმომადგენელი არ დაგვიბარებია ტრენინგზე. ჩვენს წარმომადგენლებს კი რა თქმა უნდა ჩავუტარეთ ტრენინგი. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ საარჩევნო უბანზე იყოს მოწესრიგებულ სიტუაცია, რომ მათ იცოდნენ კანონის ფარგლებში როგორ უნდა მოიქცნენ.  ეს არ არის დაფარული ინფორმაცია, ჩვენ „აირაის“ ვთხოვეთ ტრენინგის ჩატარება და მათ ჩაატარეს ტრენინგი სასტუმრო „მაილოში“ – ამბობს პაატა მგელაძე.   

გადაბეჭდვის წესი