სიახლეები

ლეიბორისტულმა პარტიამ ბათუმის მერობის კანდიდატი დაასახელა

06.05.2014 • 1825
ლეიბორისტულმა პარტიამ ბათუმის მერობის კანდიდატი დაასახელა

 

კანდიდატები დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით რობაქიძემ წარადგინა.

 

ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხალხთან ურთიერთობის გაღრმავება, დასაქმება, ინდუსტრიის განვითარება ეს ის ჩამონათვალია, რომლის დაპირებაც დღეს გასცა მერობის კანდიდატმა. ის ასევე აპირებს მერიაში საკადრო ცვლილებების განხორციელებასა და მერიაში საშვების სისტემის გაუქმებას. 

 

დავით რობაქიძემ კანდიდატების წარდგენისას ისაუბრა ოპონენტებზეც და არც სიძულვილის ენის გამოყენებას მორიდებია: „დროა დამთავრდეს ათასი რჯულის არაქართველის, როგორც ეთნიკური ისე აზროვნებით,  თარეში. დროა უარი ვთქვათ ერმაკოვებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აღარ დავასახელებ. დროა ავირჩიოთ ნამდვილად ქართველი, ქართული სულისა და გულის მატარებელი და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური სახე 90-იან წლებში. ეს იყო მთავარი მოტივი, რომლითაც შევარჩიეთ ჩვენ მერობის კანდიდატი. ის არის სულით, გულით, გენით ქართველი, პირველი რაც ამ ქალაქს სჭირდება“. 

 

დავით რობაქიძე ამბობს, რომ ლეიბორისტული პარტიის ლოზუნგია „ბათუმი დავუბრუნოთ ბათუმელებს“. ნუგზარ ჩხაიძე კი სოციალურ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას: „ყოველი თეთრი მოხმარდება მოსახლეობას. როგორც გვახსოვს, ქალაქის მერიამ ვერ აითვისა 21 მილიონი ლარი. ჩემი ამოცანა იქნება ქალაქის მთელი ბიუჯეტი მოხმარდეს იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც ქალაქელებს აწუხებთ“.

 

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, „ლეიბორისტებმა“ დღეს შემდეგი პირველი ექვესული წარადგინეს. სიის პირველი ნომერი დავით რობაქიძე იქნება, ის თამარის დასახლებაში იყრის კენჭს.

დავით რობაქიძე – თამარის დასახლება;

ნაიმე ძნელაძე, რეჟისორი – სამრეწველო უბანი;

რევაზ ბაინაზიშვილი, თოჯინების თეატრის „ბერიკების“ დამფუძნებელი, რეჟისორი – ბონი გოროდოკის უბანი;

დავით ჯაფარიძე, ადვოკატი – ბაგრატიონის დასახლება;

ნუგზარ მიქელაძე – აეროპორტის და გონიოს დასახლება;

პანტელეიმონ გოგუაძე – ეროვნული მოძრაობის წევრი, მახინჯაურის დასახლება.

 

 

ნუგზარ ჩხაიძე

 

ნუგზარ ჩხაიძე  1954 წელს დაიბადა ბათუმში.

1971 წელს დაამთავრა ბათუმის პირველი საშუალო სკოლა.

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფილოსოფიის სპეციალობით.

მუშაობდა ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. პარალელურად ლექციებს კითხულობდა სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ფილოსოფიასა და სოციოლოგიაში.

1987 წელს დაიცვა სამეცნიერო ხარისხი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის სოციოლოგიურ კვლევათა ინსტიტუტში. არის ფილოსოფიის დოქტორი.

ამჟამად მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროს-თანამშრომელად.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ საქმიანობას, 1991 წელს არჩეული იყო ბლოკიდან „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს“ აჭარის უზენაეს საბჭოს დეპუტატად, ბათუმის საკრებულოსა და პრეფექტურის კაბინეტის წევრად.

ნუგზარ ჩხაიძის განხადებით ის არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი.

გადაბეჭდვის წესი