სიახლეები

ფერადი სიზმრები ზღვისპირა ქალაქში

06.05.2014
ფერადი სიზმრები ზღვისპირა ქალაქში

 

 

ნანა ლობჟანიძე

 

 

ყველაფერი ზღვისპირა ქალაქში მაისის თბილ საღამოს, დიდი საკუთარი სახლის ჭიშკართან შეკრებილი ათიოდე ბავშვის ყიჟინით დაიწყო. ემოციურად და ხმამაღლა ათივე ერთდროულად ლაპარაკობდა, ამიტომ არ მესმოდა რას ამბობდნენ. ხელში ყველას ცარიელი ასანთის კოლოფები ეჭირა. საბოლოოდ, რაღაცაზე შეთანხმდნენ, ორ ჯგუფად დაიყვნენ და ეზოს შეესიენ.

 

ეზოში ჩამოწოლილ ბინდს ათასობით მოციმციმე შუქი ფანტავდა. ბავშვები ამ მწვანე შუქს დასდევდნენ, ორივე ხელისგულში მოიქცევდნენ და ასანთის კოლოფში სვამდნენ. ძალიან ინდომებდნენ, რაც შეიძლება მეტი ციმციმა შუქი ჩაემწყვდიათ კოლოფში. კიდევ უფრო ჩამოწოლილ ბინდში, ეზოში გაბნეული ბავშვების ხელებში მოციმციმე ასანთის კოლოფები პატარა ლამპიონებივით ანათებდნენ. ზაფხული იწყებოდა და ზღვისპირა ქალაქის ქუჩებს და ეზოებს ციცინათელების ჯარი შესეოდა…

 

ამის შემდეგ სიზმრის დეკორაცია ზღვისპირა ქალაქის პატარა, მყუდრო, ორივე მხარეზე მაგნოლიის ხეებით ჩამწკრივებულმა ქუჩამ შეცვალა. მზის სხივები შენობებშიც კი გამჯდარიყო და ფერების სიუხვეს ოქროსფერს მატებდა. ქუჩაში ორი ქალი საუბრობდა. ერთს ხელში ხილით სავსე პარკი ეჭირა, მეორე – ყავაზე ეპატიჟებოდა, მაგრამ ხილით დატვირთულ ქალს არ ეცალა, მალევე დაემშვიდობა მოპატიჟეს და ქუჩა გადაჭრა. „პატარა ქალაქი პროვინციულია, ქუჩას რომ გადადის, მგონი ციურია…“

 

ახლა ქუჩა სანაპირომ შეცვალა. ალმოდებული ცა ჩამავალ მზეს ვერ თმობდა. წითელი ფერი საოცრად უხდებოდა მის სილურჯეს და ალბათ უფრო ამიტომ სთხოვდა მზეს, ცოტა ხანი მოიცადეო. ისიც წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ უცებ, ერთი თვალის დახამხამებაში ეს დიდი, წითელი ბურთი ზღვამ ჩაყლაპა.

 

დაღამდა. სანაპიროზე შუქები აინთო. ზღვაში გასული გემების გემბანზეც შუქები გამოჩნდა. ზღვა შუაში მოექცა, ხან გემბანზე ანთებულ შუქებს გახედავდა, ხან სანაპიროზე მოციმციმე ლამპიონებს და იმდენად მოსწონდა ეს იდილია, ცდილობდა ძალიან ფრთხილად მიეხალა ტალღები ნაპირისთვის, სიმშვიდე რომ არ დაერღვია.

 

უცებ ნაცნობი სურნელი ვიგრძენი. მოცელილი ბალახის, აკაციის ყვავილობის და ზღვის სუნი ერთმანეთში არეულიყო. ჩემ წინ ზანტად გაწოლილი ზღვა ცას უერთდებოდა, მერქანჩამოხეული მაღალი აკაციები მედიდურად გადმომყურებდნენ ზემოდან. ზღვის ბრიზმა დაუბერა და ვიგრძენი, რომ სულ უფრო და უფრო მჩატე ვხდებოდი და მხოლოდ ფეხის წვერებით ვეხებოდი მიწას…
ყველა ის განცდა, რაც ცხოვრებაში შემიგრძნია და მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამრჩენია, ერთმანეთში ირეოდა და სიზმრებს აფერადებდა.
გუშინ ღამით ბათუმში მეძინა….

და თითქოს სოხუმში ვიყავი!

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.