2014 წლის მარტში ქვეყანაში 4 723 ერთეული ბიზნესსუბიექტია რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, მათ შორის 96,9 პროცენტი სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 3,1 – არასამეწარმეო.
2014 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 13,7 პროცენტით გაიზარდა სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 13,5-ით შემცირდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებითაც: მარტის თვეში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 10,1-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 22,1 პროცენტითთ შემცირდა.
წელს, მარტში ბიზნესსუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 961 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 62,7 პროცენტი) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 573 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 33,3 პროცენტი) სახით.
საჯარო რეესტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შესახებ, ნათქვამია: „როგორც ჩანს, ბიზნესსუბიექტთა 96 პროცენტი მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. რადგან ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 146 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 26 კოოპერატივი, 10 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 4 სააქციო საზოგადოება, 2 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.“