სიახლეები

რეფერალურმა საავადმყოფომ „სავანის“ პერსონალი გადაამზადა

23.04.2014 • 1413
რეფერალურმა საავადმყოფომ „სავანის“ პერსონალი გადაამზადა

 

მოხუცების დახმარების მიზნით, ბათუმის რეფერალურმა საავადმყოფომ „ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის“ თანამშორმლებს ორთვიანი სასწავლო თეორიული და პრაქტიკული კურსი ჩაუტარა. სწავლება კონკრეტული მიმართულებით, ავადმყოფის მოვლისთვის მოწყალების დებისა და ძმების გადამზადების მიზნით, რეფერალურ საავადმყოფოში მიმდინარეობდა. ტრენინგის პროცესში სათნოების სახლ „სავანის“ 28 თანამშრომელმა უფასოდ გაიარა სწავლება მათთვის საინტერესო საკითხებზე, როგორიცაა: მოხუცი პაციენტის კვება, ბანაობა, ტანსაცმლის გამოცვლა, გადაადგილება, ხანდაზმულებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის მნიშვნელობა. მათ რამდენიმე კვირაში ტესტირება ჩაუტარდებათ და სერტიფიკატებიც გადაეცემათ.

 

„ამჟამად წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების „სავანეში“ 115 პაციენტია. რეფერალური საავადმყოფო გვერდში გვიდგას. ბრიგადებით მოდიან და ჩვენს პაციენტებს უფასო კონსულტაციებს, გასინჯვებს და გამოკვლევებს უტარებენ. ექთნების გადამზადება ჩვენი ინიციატივა იყო. თანახმა ვიყავით, რომ საჭირო საფასურიც გადაგვეხადა, მაგრამ რეფერალურმა საავადმყოფომ უსასყიდლოდ გაგვიკეთა“, – აღნიშნავს წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების „სავანის“ ექიმი ქეთევან ცაგურიშვილი.

 

თამარ მხატვარი ამბობს, რომ სწავლის პროცესი ერთობლივად დაიგეგმა და ორივე მხარისთვის ტრენერებისა და პროგრამაში მონაწილეებისთვის ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა. სწავლების პროცესში კი ყველაზე მთავარს – მოხუცებთან ურთიერთობას გამოყოფს.

 

თამარ მხატვარი: „ჩვენ შევიმუშავეთ მომვლელთა სპეციალური სასწავლო პროგრამა. რეფერალურ საავადმყოფოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საექთნო განათლებას. ჩვენ გვქონდა ევროკავშირის ბინათმოვლის პროგრამა, მოვამზადეთ სახელმძღვანელოც, ამიტომ ამჟამად ბევრი ექთანი აქ ტრენერის სტატუსით მუშაობს. სწორედ ისინი ატარებდნენ „სავანის“ თანამშრომლებისთვის სწავლებას.

 

მომვლელთა სწავლების დროს დიდი ყურადღება ეთმობა კომუნიკაციას. ორი თვის მანძილზე განვიხილეთ თუ რა თავისებურებები აქვს მომვლელისა და პაციენტის ურთიერთობას. რა განსაკუთრებული უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს კომუნიკატორს მოხუცთან, რას უნდა მიექცეს ყურადღება, როცა მოხუცი ინსტიტუციიდანაა, ანუ ცხოვრობს არა სახლში, არამედ დაწესებულებაში, სადაც ასე თუ ისე დეპრივაციის (გარიყულობის) მომენტი უფრო მეტია. ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივად აქვს ნიჭი იყოს არაჩვეულებრივი კომუნიკატორი ნებისმიერი ასაკის ადამიანთან, ზოგიერთს აქვს დიდი სურვილი და სიამოვნებით სწავლობს იმ წესებს, რომლებიც მოხუცთან ურთიერთობისთვისაა აუცილებელი.

 

მოხუცებულებთან კომუნიკაციის მთავარი მომენტი კი არის – გავხდეთ კარგი მსმენელები, იმიტომ, რომ მათ ამ ქვეყნად  ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ის ხალხი, ვინც მოუსმენს, იმ ძველ ამბებს გაიზიარებს, რასაც ისინი იხსენებენ; ამ დროს მომვლელს უწევს შეასრულოს შვილიშვილისა თუ ახლობლის ფუნქცია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომელიც მოხუცებულებთან მუშაობენ, განსაკუთრებულები არიან. აღნიშნული სწავლება პირველი ნაბიჯია მომვლელთა განათლებაში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის აქცია, რომელიც მოდის გულიდან“.

 

ბათუმის რეფერალური საავადმყოფო სამედიცინო აქციებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს.

 

2013 წლის 26 ივნისს რეფერალური საავადმყოფოს ინიციატივითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო აქცია, რომლის ფარგლებში „სავანის“ მოხუცებულებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ. რეფერალური საავადმყოფო მსგავსი აქციების განმეორებას მომავალშიც აპირებს.

თამარ მხატვარი მიიჩნევს, რომ ხანდაზმულთა მოვლის წარმატებული სწავლება არა მარტო ერთობლივი თანამშრომლობითაა განპირობებული, არამედ იმითაც, რომ, ზოგადად, აჭარაში მოხუცებს განსაკუთრებულად სცემენ პატივს.

 

 

გადაბეჭდვის წესი