„სანამ ახალი ხელისუფლება ხელისუფლებაში მოვიდოდა, მოდიოდნენ ჩვენთან გონიოში და გვპირდებოდნენ რომ წართმეულ კერძო საკუთრებას დაგვიბრუნებდნენ. ამდენი დრო გავიდა. ჯერ გვითხრეს ახალ წელზე მოგცემთო, მერე რაღაც დღესასწაულებზე მოგცემთო, მერე ახლა ცოტა გვაცალეთო, დღემდე არაფერი არაა გარკვეული,“ – განაცხადა გონიოს მცხოვრებმა ნიაზ ფუტკარაძემ.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ, გონიოში მცხოვრებ 271 ოჯახს საკუთრებაში გადასცა ის მიწები, რომლითაც ოჯახები იჯარით სარგებლობდა. მოგვიანებით კი 2010 წელს მესაკუთრეებს მიწები ჩამოართვეს.
გონიოს მცხოვრებნი სწორედ ამ ჩამორთმეული მიწების დაბრუნებას ითხოვენ. აღნისნულ საკითხზე, ორი კვირის წინ აჭარის მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრაც ჰქონდათ. როგორც გონიოს მცხოვრები ნიაზ ფუტკარაძე აცხადებს, მთავრობის მიერ დაპირებული ორი კვირა გუშინ გავიდა. იმ შემთხვევაში თუკი აჭარის მთავრობა მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, გონიოში ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.
„ერთ დღიან ვადას ვაძლევთ ხელისუფლებას. ხვალ თუ არ გვექნება, დადებითი გადაწყვეტილება, ბავშვები არ წავლენ სკოლაში, არც საბავშვო ბაღში. ერთი 1500 კაცი გამოვალთ და ცენტრალურ მაგისტრალს გადავკეტავთ,“ – აცხადებს ნიაზ ფუტკარაძე.
აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, გონიოს მცხოვრებთა მოთხოვნები, აჭარის მთავრობისთვის ცნობილია და საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით უკვე მიმართეს.
„აჭარის მთავრობას რაც შეუძლია, ისაა რომ საქართველოს მთავრობას მიმართა. რადგანაც ის ტერიტორიები დღეს არ არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება, არის საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში. საქართველოს მთავრობასთან შესაბამისი კონსულტაციები ამ ეტაპამდე მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, როგორ დამთავრდება ეს კონსულტაციები,“ – აცხადებს პარმენ ჯალაღონია.