„ბატონო პროკურორო, თქვენ სამართლიანად გამოიძიეთ ჩემი საქმე?“ – ჰკითხა განსასჯელმა თემურ ბახუნტარიძემ პროკურორ ალექსანდრე ფუტკარაძეს სასამართლო პროცესზე. „დიახ“ – უპასუხა პროკურორმა. ალექსანდრე ფუტკარაძე სასამართლოში დასაკითხად მისმა კოლეგამ, ლადო თურმანიძემ დაიბარა. ფუტკარაძემ სასამართლოში თქვა, რომ ბრალდებულმა ლაკაევმა დაჭრა პოლიციელი, ხოლო მისი თანმხლები პირები – ბახუნტარიძე და წულუკიძე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. მისი თქმით, წინააღმდეგობა შს სამინისტროს თანამშრომელს დავით ხოზრევანიძეს გაუწიეს.
პროკურორის ჩვენებიდან გაირკვა, რომ სროლის ადგილზე მისულმა გაჩხრიკა ბახუნტარიძე და დაკავებიდან ორი საათის შემდეგ შეადგინა დაკავების ოქმი (კანონით, ოქმი დაუყოვნებლივ უნდა შედგეს). პროკურორმა თქვა, რომ დაკავებული ბახუნტარიძე კითხვებს არ პასუხობდა, აღენიშნებოდა დაზიანებები სხეულზე და დაკავების ოქმის ჩაბარებაზე უარი თქვა.
ბახუნტარიძის ადვოკატმა, გიორგი ხიმშიაშვილმა, პროკურორს ჰკითხა, რატომ არ არსებობს საქმეში ხოზრევანიძის ექსპერტიზის დასკვნა (უცნობია კონკრეტულად რა დაზიანება აღენიშნებოდა პოლიციელს). დაკავების ოქმში ჩაწერილ ბრალდებასთან დაკავშირებით პროკურორმა შემდეგი განმარტა: „ასე ჩავთვალე საჭიროდ. რა მნიშვნელობა აქვს დაკავების ოქმში რა მუხლს ჩავწერდი, ბრალდებას პროკურორი სასამართლოში წარადგენს და მნიშვნელოვანი ესაა“.
რატომ შედგა ბახუნტარიძის დაკავების ოქმი დაკავებიდან ორი საათის დაგვიანებით? – ამ კითხვის პასუხად პროკურორმა თქვა: „მანამდე ბახუნტარიძე და წულუკიძე პოლიციელებს ემუქრებოდნენ აფეთქებით. დავით ხოზრევანიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“.
რევაზ ჯაში კი ის პროკურორია, რომელმაც მეორე ბრალდებულის, ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის, ფირუზ წულუკიძის დაკავების ოქმი შეადგინა. დაკითხვამდე პროკურორმა რელიგიური ფიცი დადო. როგორც ჯაშმა სასამართლოში თქვა, გვიან ღამით უფროსმა, გიორგი თორდიამ, დაურეკა და უთხრა შემთხვევის ადგილზე გასულიყო. ჯაშის განმარტებით, წულუკიძეს პირადი ჩხრეკის დროს არ ჰქონია რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი. კითხვაზე – მაშინ რატომ წარუდგინა ბრალდება, პროკურორმა უპასუხა, რომ „პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის“. პროკურორის თქმით, წულუკიძეს აღენიშნებოდა დაზიანებები, მაგრამ „მას პრეტენზია არ განუცხადებია“. შესაბამისად არც მას უკითხავს, რატომ ჰქონდა დაზიანებები.
ამირან ბერიძე შს სამინისტროს თანამშრომელია. მან სასამართლოში თქვა, რომ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში აივნიდან შევიდნენ და პოლიეთილენის პარკში ნახეს ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი. კითხვაზე, პირველად ვინ ნახა და ვინ გახსნა იარაღი – მოწმემ უპასუხა, რომ არ ახსოვდა: „შეიძლება მეც ჩამოვიღე, არ მახსოვს. იარაღი გაიხსნა, ხელთათმანები არ გვეკეთა, ჩხრეკის ოპერაციას კორპუსის ამხანაგობის წევრი გიორგი მასალკინი ესწრებოდა, ის ეზოში შემთხვევით შეგვხვდა“.
თემურ ბახუნტარაძე და ფირუზ წულუკიძე, ასევე რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკიევი, 2013 წლის 13 სექტემბერს გვიან ღამით დააკავეს. დადგენილია, ლაკიევი საქართველოს საზღვარზე არალეგალურად გადმოვიდა. ჩეჩენი წარმოშობის ლაკაევის გადაცემა უკვე ითხოვა რუსეთის სახელმწიფომ. რუსული მედიის ცნობით, ლაკაევმა 9 სექტემბერს სოხუმში რუსი დიპლომატი, დმიტრი ვიშერნიოვი მოკლა. თემურ ბახუნტარიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობი ლაკაევის მასპინძლობა მეგობრებმა სთხოვეს თურქეთიდან. ბახუნტარიძე ამტკიცებს, რომ მას რელიგიური ნიშნით სდევნიან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესებს არ ესწრება იუსუფ ლაკაევი.