სიახლეები

სოლიდარობა უკრაინას – აქცია ბათუმში, უკრაინის საკონსულოსთან

16.03.2014 •
სოლიდარობა უკრაინას – აქცია ბათუმში, უკრაინის  საკონსულოსთან

„სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვეწინააღმდეგებით  რუსეთის ხელისუფლების იმპერიალისტურ ზრახვებს,“ –  განუცხადა „ბათუმელებს“ აქციის მონაწილე გოჩა სურგულაძემ.

აქციის  კიდევ ერთი მონაწილის დათო ტრაპაიძის თქმით კი აქციაზე მყოფნი  რუსეთის გაუმაძღარ მადას აპროტესტებენ.

„ბოლოსდაბოლოს  დროა ჭკუაზე მოეგონ, დაკავდენ თავიანთი საქმით და თავიან სახელმწიფოს მიხედონ. შეეშვან მცოცავ ოკუპაციას, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. თუ უკრაინა რამეს დაკარგავს დაკარგავს საქართველოც. ამიტომ დროა მხარში დავუდგეთ უკრაინას და დავანახოთ ჩვენი თანადგომა,“ – ამბობს დათო ტრაპაიძე.

„ჩვენ  ვაპროტესტებთ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის  ყველანაირი საერთაშორისო ნორმის დარღვევა.  უკრაინა დღეს ჩვენი ყველაზე ახლო პარტნიორი, ახლო ერი, ახლო სახელმწიფოა და ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა რითიც შეგვიძლია გვერდში დავუდგეთ აქ საქართველოში,“ – ამბობს აქციის მონაწილე ჯემალ ბეჟანიძე.

დღეს, 16 მარტს ყირიმში რეფერენდუმი ტარდება– შეუერთდეს ყირიმი რუსეთს, თუ დარჩეს უკრაინის შემადგენლობაში. რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს უკრაინა და დასავლეთი, ხოლო მხარს უჭერს რუსეთის ფედერაცია.

გადაბეჭდვის წესი