ნეტგაზეთი • RU

„გაიღე სისხლი“ – ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად

 

 

აქცია 17 მარტს, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N2-ში, არსებულ პოლიკლინიკის შენობაში გაიმართება. აქციაში ჩაერთვებიან ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგები, ხელვაჩაურის საკრებულოს, ბათუმის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, პროკურატურის, საბაჟოს და მანდატურის სამსახურის თანამშრომლები. აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.  

 

 

აქცია იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება. 

 

 

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 50 ახალი შემთხევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისათვის ძირითადად ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო, შესაბამისად პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს. ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ თითქმის ყველა შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა.

 

სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 19-დან 59 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი ა ჰეპატიტი (ბოტკინი), სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე, თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან, არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის, არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონი), ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 51 კგ-ზე მეტი – ქალები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.

 

 

რაც შეეხება დონორობის მსურველს, დონაციის შემდგომ, ხდება სისხლის განახლება, რაც დადებითად მოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე და ასევე მას უფასოდ ჩაუტარდება ძვირადღირებული გამოკვლევა რამდენიმე ვირუსზე (B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი, ასევე დაუდგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუსი), რის შემდეგაც ის ფლობს ინფორმაციას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

აქცია დილის ათი საათიდან 16:00 საათამდე გაგრძელდება.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"