Batumelebi | კონფერენცია კლიმატის ცვლილებებზე კონფერენცია კლიმატის ცვლილებებზე – Batumelebi
RU | GE  

კონფერენცია კლიმატის ცვლილებებზე

 

ბათუმი კლიმატის ცვლილებების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.  ,,ქალაქების დამეგობრება კლიმატის დაცვისათვის“   – ბათუმის მერიისა და ასოციაცია ,,კლიმატის ალიანსის“ ორგანიზებით  13 – 14  თებერვალს გაიმართება. 

 

კონფერენციაში მონაწილეობას  ასოციაცია ,,კლიმატის ალიანსი“, ბათუმის მერია, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ,,მერების შეთანხმების“ ოფისი, ენერგოეფექტურობის ცენტრი, გერმანიისა და საქართველოს მუნიციპალიტეტები მიიღებენ.

 

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს  მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში გერმანიის გამოცდილებას გაუზიარებენ. აღნიშნული სამოქმედო გეგმა ,,მერების შეთანხმების“ ევროპული ინიციატივის მთავარი ინსტრუმენტია. პროექტის მნიშვნელოვან  სამიზნე ჯგუფებს კლიმატის დაცვაზე ფოკუსირებული მეგობარი ქალაქები წარმოადგენენ.

 

პროექტი  კლიმატის დაცვის კუთხით ჩამოყალიბებული ურთიერთობების გააქტიურებასა და კლიმატის ცვლილებების საკითხებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ახალი კონტაქტების დამყარებაზე არის ორიენტირებული.

 

ბათუმი ,,კლიმატის ალიანსში“ გასულ წელს გაწევრიანდა, რითაც კლიმატის დაცვის საერთაშორისო პროცესში ჩაერთო და მსოფლიოს იმ ქალაქებს შეუერთდა, რომელთა მიზანიც  განახლებადი ენერგიის გამოყენებითა და ენერგიის დაზოგვის გზით CO2-ის გამოყოფის 10 პროცენტით შემცირებაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"