ნეტგაზეთი • RU

სოლიდარული გადასასვლელი ბათუმში

 

დღეს ბათუმში ორგანიზაცია CAUCULT-ის აჭარის ჯგუფმა  აქცია გამართა სახელწოდებით _  „ქვეითს აქვს უფლება“. ერას მოედანთან,  ბარათაშვილისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში სიმბოლურად დახაზეს ქვეითთა ფერადი „სოლიდარული გადასასვლელი“.

„აქციის მიზანი იყო ქვეითთა უფლებების დაცვა. ეს გადასასვლელი სიმბოლოც შეიძლება გახდეს იმის, რომ ჩვენ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადავიდეთ, უფრო მეტი პროგრესისკენ,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ხუჯაძემ.

აქციის ფარგლებში  დარიგდა საინფორმაციო ფლაერები  „ქვეითთა უფლება-მოვალეობების დეკლარაცია“.

„ქვეითს აქვს უფლება შეუფერხებლად იაროს ტროტუარზე, აკრძალულია მანქანის ტროტუარზე გაჩერება და ამით ქვეითის ტროტუარზე გადაადგილების შეზღუდვა. ზებრაზე ქვეითის გადაადგილება პრიორიტეტულია, თუ მოძრაობა არ რეგულირდება შუქნიშნით – მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს მოძრაობა და გზა დაუთმოს ქვეითს,“  – ეს არის რამდენიმე პუნქტი დეკლარაციიდან, რომელიც მძღოლებს დაურიგდათ.

აქცია დღეს  „პრესკაფეში“ პროექტის მონაწილეებთან შეხვედრით დასრულდება. სადაც პროექტის პრეზენტაცია გაიმართება და ორგანიზაციის წარმომადგენლები სამომავლო გეგმებს გააცნობენ დაინტერესებულ პირებს.

CAUCULT-ის (კავკასიის კულტურულ ინიციატივათა ქსელი)  მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა კულტურულ ინიციატივებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის რეგიონებსა და ქალაქებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის  “EuroEast Culture ხიდების მშენებლობა კულტურის მეშვეობით” _ ფარგლებში

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი