Batumelebi | სტიქიით დაზარალებული ოჯახები ბინებს მიიღებენ სტიქიით დაზარალებული ოჯახები ბინებს მიიღებენ – Batumelebi
RU | GE  

სტიქიით დაზარალებული ოჯახები ბინებს მიიღებენ

 

სტიქიით დაზარალებული 74 ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლი და ადგილი სპეციალისტებმა სიცოცხლისათვის საშიშად მიიჩნიეს, ბინას ბენზეში ე.წ. სოციალურ სახლში მიიღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ სპეციალური სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით მიიღო.

 

გასულ წელს მიწისძვრით დაზარალებული 26 ოჯახი კი, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინათ, ამ დრომდე ნაქირავებ ბინებში რჩებიან. მთავრობა ამ ოჯახებისთვის გეოლოგიურად მდგრად ადგილზე სახლების მშენებლობის წინადადებას განიხილავს, თუმცა პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის.

 

გასულ წელს მიწისძვრამ აჭარაში  316 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის რამდენიმე კორპუსი დააზიანა, აქედან სტიქიის შემდეგ საცხოვრებლის დატოვება ხელვაჩაურში ცხრა, ხოლო ქობულეთში 17 ოჯახს მოუწია, ისინი ამ დრომდე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. 

 

„ნაქირავებში ვართ, ჩვენი სახლი მიწისძვრამ ისე დააზიანა, იქ ვეღარ ვიცოვრეთ  და მუნიციპალიტეტის გამგეობა ჩვენი ბინის ქირის ხარჯს ფარავს.  ვფიქრობ, რომ პრობლემას არ შეგვიქმნიან და ქირის გადახდას მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე საკუთარი საცხოვრებელი არ გვექნება“ – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ნიკო ჩაიქირდი „ბათუმელებთან.“

 

მიწისძვრით დაზარალებული 26  ოჯახის ბინის ქირის ხარჯს, თითოეულისთვის ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ფარავს. დაზარალებულები იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო მათ ამ თანხით მანამდე დაეხმარება,  ვიდრე  მუდმივ საცხოვრებელს არ შესთავაზებს.

 

 „შევისწავლეთ ყველა  დაზარალებული ოჯახი. დამატებით გამგეობებმა მოგვმართეს იმ ოჯახებთან დაკავშირებით, რომლებიც  საჭიროებდნენ ბინის დაქირავებას. სპეციალურმა კომისიამ  მუნიციპალიტეტების მიხედვით შეისწავლა ზარალი. ვინაიდან თანხა იყო საკმაოდ ბევრი, დაახლოებით 2 მილიონ ნახევრამდე, რეაგირებისათვის წერილი გადავუგზავნეთ  საქართველოს ცენრალურ მთავრობას.  რის შემდეგაც რეგიონალური განვითარების სამინისტროდან ჩამოვიდნენ სპეციალისტები და კიდევ ერთხელ  ადგილზე გასვლით შევისწავლეთ, თუ  რა პირობებში აღმოჩდნენ ეს ოჯახები, შემდეგ ეს მასალები გადაიგზავნა რეგიონალური განვითარების სამინისტროში და ველოდებით გადაწყვეტილებას.“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე. მისივე ინფორმაციით,  იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც მიწისძვრის შედეგად სახლები დაენგრათ და ახლა ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ, მთავრობა გეოლოგიურად მდგრად ადგილზე სახლების მშენებლობის წინადადებას განიხილავს.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით,  სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, დაზარალებულების ქირისთვის საჭირო თანხა აჭარის რესპუბლიკურ ბიჯეტში გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე