სიახლეები

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

24.01.2014 • 1279
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

 

ასოციაციის ხელმძღვანელი  ლაშა ადამია სოფლის მეურნეობის მინისტრის  პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს და აცხადებს რომ ზაურ ფუტკარაძე უნდა გადადგეს.  მისი განცხადებით სამინისტროსგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეს, რომელიც არ მიეწოდათ. 

 

„ვითხოვდით საგაზაფხულო ვაუჩერების შესახებ ინფორმაციას.  თუ რამდენი ბენეფიციარი ჰყავს  უშუალოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს. რამდენმა მოქალაქემ აიღო ვაუჩერი. რამდენი ვაუჩერი განახლდა. სამწუხაროდ ორი თვე დაჭირდა აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმის მოსაწერად რომ ისინი არ არიან კომპეტენტურები და სრული პასუხი ექნებოდა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

 

მაშინ როცა აჭარის სოფლის  მეურნეობის სამინისტრო ვერ ართმევს თავს ვერც ციტრუსის სეზონს და ვერც ვერაფერს, მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.  აზრს ვერ ვხედავ ამ მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის, მანდარინის და კივის ხეს ჩვენც ვარჩევთ და ამისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრი არ გვჭირდება,“ – განაცხადა ლაშა ადამიამ.

 

ადამიას განცხადებას დღესვე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოეხმაურა. ზაურ ფუტკარაძის განცხადებით საჯარო ინფორმაცია ორგანიზაციამ 27 ნოემბერს მოითხოვა, და ხუთ სამუშაო დღეში მიიღო კიდეც.

 

„წერილში ითხოვდა მიგვეწოდებინა ინფორმაცია რეგიონში ვინ მიიღო  საგაზაფხულო აგრო ბარათი. ბუნებრივია  ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია,  მაგრამ ამ პროგრამის გამხორციელებელი, როგორც გასულ,  ისე მიმდინარე წელს არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.  პასუხში მივწერეთ სწორედ ეს და განვუმარტეთ რომ მათგან მიიღებდნენ ამომწურავ პასუხს,“ – აცხადებს  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე.

 

რაც შეეხება ჩავარდნილ მანდარინის სეზონს, მინისტრის განმარტებით  65 ათასი ტონა მანდარინია ამ ეტაპზე  ექსპორტზე გატანილი. ზაურ ფუტკარაძე აცხადებს რომ მის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული პროცესია.

 

 „მე ვთქვი სატელევიზიო ინფორმაციის კომენტარის დროს. შეშფოთებულია, აღშფოთებულია და არ სძინავთ ღამე ნაციონალური მოძრაობის  წარმომადგენლებს. იმის გამო რომ ციტრუსის სეზონი არის ჩვენთან წარმატებული. ამდენი ობიექტი გაკეთდა, ასე კარგად არის ექსპორტი ორგანიზებული. ამიტომ  იყენებენ ისევ მათ მიერ შექმნილ ორგანიზაციებს, რომ ისინი  გამოვიდნენ და გააკეთონ მოწოდებები ჩემს წინააღმდეგ,“ – აცხადებს ზაურ ფუტკარაძე.

 

ასოციაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსათვის“  ორშაბათს საპასუხო ბრიფინგის გამართვას გეგმავს.

 

გადაბეჭდვის წესი